ავტორი:

პროტესტი და რუსეთიდან გაქცეული ვარსკვლავები - პოპულარული ადამიანები, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა დატოვეს

პროტესტი და რუსეთიდან გაქცეული ვარსკვლავები - პოპულარული ადამიანები, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა დატოვეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა უამრავმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, რომელთაც ფეხდაფეხ მიჰყვებიან რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები. ბევრი მათგანი ომის პირველივე დღეებშივე წავიდა რუსეთიდან, ზოგი კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნელ-ნელა გაიპარა. რუსული მედია წერს, რომ თითოეული მათგანი საზღვარგარეთ გამგზავრების თავის ვერსიას ავრცელებს.

რუსული მედია მათ მოღალატეებად მოიხსენიებს და წერენ, რომ გაჭირვების დროს სამშობლოს მიტოვების გამო, მათ რუსეთში დაბრუნების უფლება უნდა ჩამოერთვათ...

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა

ვარსკვლავური წყვილი შვილებთან - ჰარისა და ლიზასთან ერთად პირველები იყვნენ, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. ოჯახი ახლა ისრაელში იმყოფება. რუსების მოლოდინი, რომ პუგაჩოვასა და გალკინისთვის ეს მხოლოდ სასკოლო არდადეგებით შემოიფარგლებოდა, არ გამართლდა. არდადეგები დასრულდა და ოჯახი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ბოლო ვერსიით, ისინი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებენ.

ივან ურგანტი

რამდენიმე კვირაა, რაც ცნობილი ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად ისრაელშია. დიდი ხნის დუმილის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო, რადგან ის მხოლოდ შვებულებით ტკბებოდა. ამ დროს, ბოლო ინფორმაციით, ურგანტი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს და ქართველ მეუღლესთან ერთად, უძრავი ქონების შეძენას ისრაელსა და საქართველოში გეგმავს.

სემიონ სლეპაკოვი

ისრაელში წავიდა ცნობილი რუსი კომიკოსი სემიონ სლეპაკოვიც. რუსულმა პუბლიკამ ამ საქციელს გაქცევა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომიკოსის განცხადებით, ის ისევ დაბრუნდება მოსკოვში, მისი სიტყვების არავის სჯერა.

ტატიანა ლაზარევა

KVN-ის ყოფილი ვარსკვლავი და ტელეწამყვანი დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს, რადგან მისი ქალიშვილი იქ სწავლობს. ომის დაწყების შემდეგ კი ქალმა განაცხადა, რომ ის რუსეთში აღარ დაბრუნდება. რაც შეეხება მის მიმართ რუსეთიდან წამოსულ კრიტიკას, ამბობს, რომ ამაზე ნერვებს არ იშლის, რადგან "შხამიან კომენტარებზე დიდი ხანია რაც იმუნიტეტი გამოიმუშავა."

იური დუდი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. რამდენ ხანს დარჩება დუდი ევროპაში, არ ამბობს.

ქსენია სობჩაკი

რამდენიმე კვირის წინ ქსენია შვილ პლატონთან ერთად დასასვენებლად ისრაელში წავიდა. სობჩაკი ისევ იქ არის და იქიდან მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, სობჩაკმა დუბაიში 120 კვ.მ. ბინა შეიძინა, საიდანაც ბურჯ ხალიფას ხედი იშლება. უძრავ ქონებაში ქალმა რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადა.

ემანუილ ვიტორგანი

ემანუელ და ირინა ვიტორგანები შვილებთან ერთად რიგაში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაფრინდნენ. "ჩვენ მივდივართ რიგაში, ჩვენს სამშობლოში“, - თქვა ირინამ ვიდეოში. უახლოეს მომავალში ოჯახი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს. ცნობილია, რომ შვილებთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად მაქს ვიტორგანიც, მსახიობის უფროსი შვილი და ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარი.

ოქსანა სამოილოვა და ჯიგანი

ცნობილი წუსი რეპერი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, მას უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ რუსეთში აღიარებენ, რომ რეალურად ისინი გაღარიბებული რუსეთიდან გარბიან, სადაც უცხოური ბრენდის ტანსაცმელის შეძენასაც ვეღარ შეძლებენ.

ჩულპან ხამატოვა

მსახიობი და ქველმოქმედი ჩულპან ხამატოვა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ცნობილ ადამიანთაგან, ვინც მაშინვე გამოხატა ომზე საკუთარი პოზიცია და შვილებთან ერთად ლატვიაში გადავიდა საცხოვრებლად.

კანტემირ ბალაგოვი

ფილმ "დილდას" რეჟისორმა კანტემირ ბალაგოვმა რუსეთი განუსაზღვრელი ვადით დატოვა. "ინსტაგრამზე" აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ძაღლთან, როკოსთან ერთადაა.

“ჩვენ დავტოვეთ რუსეთი. ძალიან ვწუხვართ და ფაქტიურად განადგურებულები ვართ. ერთ წამში ჩვენ მომავალი წაგვართვეს. ჩვენ სიცოცხლე წაგვართვეს. მშობლები და მეგობრები წაგვართვეს. მაგრამ ვერ წაგვართვეს ერთი – კინო. ჩვენი გული უკრაინასთანაა და იმ რუს ხალხთანაც, ვინც ამ კოშმარის წინააღმდეგია” – წერს ბალაგოვი.

ზემფირა და რენატა ლიტვინოვა

მომღერალი და რეჟისორი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც რენატა ლიტვინოვას საკუთარი ბინა აქვს. მათთან ერთად გაემგზავრა ლიტვინოვას ქალიშვილი ულიანა, რომელიც ახლა ანტვერპენში ცხოვრობს.

ჟასმინი

რამდენიმე კვირის წინ მომღერალი ჟასმინი ისრაელში გაფრინდა. ქალმა ინტერნეტში დაწერა, რომ ეს მხოლოდ შვილის გამო გააკეთა, რადგან სასკოლო არდადეგების გატარება ნაყოფიერად სურდათ, თუმცა ცნობილია, რომ სკოლებში სწავლა ჯერჯერობით არ დასრულებულა.

ანდრეი მაკარევიჩი

მუსიკოსი და "მაშინა ვრემენის“ სოლისტი ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ისრაელში იმყოფება. მალე წყვილს საერთო შვილი შეეძინება. მუსიკოსმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები განუსაზღვრელი ვადით გადადო.