ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი, უშრომელი შემოსავლის წყარო, ამაზე ფრაქციაში მსჯელობა არ ყოფილა - რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, სერიოზულად ასაწონ-დასაწონია, ამ წუთას ეს არ დგას დღის წესრიგში,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით წიკლაურის განცხადება შეიძლება გავიგოთ როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრის პირადი აზრი.
"რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, თუკი ვინმეს ბოიკოტი გაუხარდება, გაუხარდება "ქართულ ოცნებას". ძალიან უჭირთ კითხვარის შევსება და თუ განტევების ვაცის და გადაბრალების ობიექტის მოძებნა მოუწევთ, ეს იქნება ე.წ. დესტრუქციული "ნაციონალური მოძრაობა". ბოიკოტით პრობლემების გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?!- ილუზიაა ეს. ბოიკოტი ეს არის ზარმაცების თავშესაფარი, ეს ნიშნავს, მოხვიდე ხელფასი აიღო და არ იმუშაო.
არ არის ეს სწორი, რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ამას უნდა სერიოზული აწონ-დაწონვა, ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა, ამას ვამბობ ჩემი 30 წლიანი გამოცდილებით. ბოიკოტი უშრომელი შემოსავლის წყაროა, დატოვება სერიოზულად ასაწონ-დასაწონი საქმეა, რას კარგავ და რას იგებ, ამ წუთას ეს არ დგას დღის წესრიგში და არც ჩემი პოზიციაა ამ წუთას ამაზე ჩამოყალიბებული. ბოიკოტზე მკვეთრი წარმოდგენა მაქვს და ის თუ ვინმეს გაახარებს, ვინმეს წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს "ქართული ოცნებაა", ელოდებიან სხვათაშორის, ძალიან დაზუსტებული შიდა ინფორმაცია მაქვს, ელოდებიან, როდის დაისვენებენ ჩვენგან და როდის გავხდებით მათი მხრიდან დასაცინი თუ კრიტიკის ობიექტი,"- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველა გზა უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა ამ კონტექსტში პარლამენტის დატოვება თუ ბოიკოტი რომ რაიმეს უშველის, ეს დასამტკიცებელია.
"თუ ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ აი, რა ვქნათ, ყველაფერი გავაკეთეთ, პარლამენტის დატოვებაც კი და ახლა ხელები დაგვიბანია, ეს დათვური სამსახური იქნება,"- აღნიშნა მან.
ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა არ გამორიცხა, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს. როგორც წიკალურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების ფონზე ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა, შესაბამისად, წიკლაური დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია „რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.