ავტორი:

"რომ დამინახა ვუკრავდი, გავიდა და ტირილი დაიწყო" - რას ჰყვება ოთარ რამიშვილის ჩელისტი შვილიშვილი ოჯახზე, საყვარელ ინსტრუმენტსა და უკრაინის მხარდაჭერაზე

"რომ დამინახა ვუკრავდი, გავიდა და ტირილი დაიწყო" - რას ჰყვება ოთარ რამიშვილის ჩელისტი შვილიშვილი ოჯახზე, საყვარელ ინსტრუმენტსა და უკრაინის მხარდაჭერაზე

10 აპრილს კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს დაეხმარებიან.

"ეს იმისთვის, რომ პატარებისთვის დღევანდელი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. სახლები დატოვეს და სხვა ქვეყანაში ჩამოვიდნენ, - გვინდა, ცხოვრება ისევე განაგრძონ, როგორც უკრაინაში. დავუფინანსეთ სწავლა. ფონდი "იავნანა“ თავის სალონს დაუთმობს, სადაც ისინი მუსიკის გაკვეთილების მიღებას შეძლებენ,“ - გვეუბნება მუსიკოსი ლიზი რამიშვილი, რომელმაც, თამარ ლიჩელთან ერთად, მთელი კონცერტი დაუკრა.

"ამ დღისთვის მოკლე დროში მოვახერხეთ დიდი პროგრამის შექმნა. კონსერვატორიამ დარბაზი დაგვითმო. კონცერტი იმ გმირებს (როგორც უკრაინელ, ასევე ქართველებს) მიეძღვნა, რომლებიც დაიღუპნენ და დღემდე იბრძვიან,“ - აღნიშნავს წარმატებული ჩელისტი და აქვე საკუთარ პოზიციას და ემოციას გვიზიარებს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე:

"როგორც ყველა ადეკვატურ ადამიანს, მეც შესაბამისი რეაქცია მაქვს, ვგმობ იმ საშინელებას, რაც იქ ხდება. 21-ე საუკუნეში, როდესაც განვითარებულია მეცნიერება, ტექნიკა, არ მესმის, როგორ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს?!. ქართველებს კარგად გვესმის, რას განიცდის ახლა უკრაინა, რადგანაც რუსეთის აგრესია არაერთხელ გამოგვიცდია. ბოლოს 2008 წელს და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე ხდება ჩვენზე ზეწოლა... მიხარია, რომ ქართველი ხალხი ასეთი ერთიანია, ვამაყობ ამით. ადამიანები თავს არ ზოგავენ და ვისაც როგორ შეუძლია, გვერდში უდგას (ჰუმანიტარულად, ფინანსურად, მორალურად) უკრაინელებს".

ლიზი რამიშვილი წარმატებული მუსიკოსია. საოცრად ფლობს ინსტრუმენტს, რომელზეც უკრავს. მიაჩნია, რომ ჩელო სწორად აირჩია ცხოვრების თანამგზავრად.

"ბავშვობიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში გავიზარდე, დედაჩემი იქ მუშაობდა. ყველა რეპეტიციას და სპექტაკლს ვესწრებოდი. პატარაობიდან ორკესტრის ყველა ინსტრუმენტი ვიცოდი, მესმოდა, მაგრამ ჩელო, თუნდაც ვიზუალურად, ბგერის მხრივ, ნაწარმოებების მიხედვით, რაც მისთვისაა დაწერილი, გულთან ძალიან ახლოს იყო, ერთი ნახვით შემიყვარდა. ამ საქმეში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, მაგრამ ამ ინსტრუმენტის არჩევა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ამ საქმეში ბებიაჩემმაც, დედაჩემის დედამ მხარი დამიჭირა. თქვა, - რატომაც არა? ვცადოთ ჩელო... იმის მერე ამ ინსტრუმენტს ვერ ვწყდები", - გვიყვება ლიზი.

- სწორი გადაწყვეტილებაა - თქვენი და ჩელოს ეს შეხვედრა უნდა მომხდარიყო... წარმატებული ახალგაზრდა ადამიანი ხართ, დაუღალავი შრომისა და დიდი სიყვარულის გარდა, კიდევ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ჩემთვის ძალიან დიდი ძალა ჩემი ოჯახია, რომელიც სტიმულს მაძლევს. ვფიქრობ და მჯერა, რომ ჩემი წარმატების მთავარი მოტივატორი სწორედ ჩემი ოჯახის წევრები არიან. მათ გარეშე ნამდვილად ვერაფერს გავაკეთებდი... ემოციური ადამიანი ვარ და ეს სტაბილურობა, ძლიერი ზურგი ნამდვილად მჭირდება...

- მადრიდში სასწავლო კურსი უკვე დაასრულეთ?

- პანდემია რომ დაიწყო, 2 კვირით ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას, რადგან იქ ასე გვითხრეს, - 2 კვირით ვიკეტებითო. ჩამოვედი და მას მერე აღარ წავსულვარ, უნივერსიტეტის დამთავრება ონლაინ მომიწია. დედოფალ სოფიას მუსიკალურ აკადემიაში ვსწავლობდი...

- რას გვეტყვით მამაზე - მიშა რამიშვილზე, რომელიც ცნობილი იურისტი და მუსიკოსია?

- მამა ძალიან საყვარელია. როცა კონცერტი მაქვს, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა. მუსიკალურ საქმიანობაში სრულ ნდობას მიცხადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის მკაცრი, ძალიან მეგობრულია. ცოტა ადრეულ ასაკში, როგორც ყველა მამას, მასაც ჰქონდა შეკითხვები - სად მიდიხარ, ვისთან, მაგრამ ეს სიმკაცრე არაა, - მამის ამპლუაა და მისი ეს ინტერესი ჩვეულებრივი ამბავია. ის არის ადამიანი, რომელთანაც ყველა თემაზე შემიძლია ვისაუბრო, მივიღო არაჩვეულებრივი რჩევები, რომელსაც ცხოვრებაში გამოვიყენებ. არასდროს შემცდარა და ამაშიც ვენდობი.

- დედა მუსიკოსია?

- დედა მაია იორამაშვილი მუსიკოსია, მევიოლინე. მას კარგად იცნობენ მუსიკალურ წრეებში. ყოველთვის ობიექტურად მაძლევს შენიშვნებს უფრო პროფესიულად, ვიდრე მშობლის პოზიციიდან. დედის რჩევებს ძალიან ვენდობი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ობიექტურია.

- ბაბუა ოთარ რამიშვილი თბილისის კოლორიტი, მუსიკოსი, ვირტუოზი ავტორ-შემსრულებელი იყო. ერთხელ მასთან ინტერვიუზე მისულს, მახსოვს, თქვენზე როგორი სიამაყით მიყვებოდა... პირადად რას გეუბნებოდათ?

- ბაბუა ჩემს კონცერტზე ერთხელ იყო და სიხარულისგან ძალიან ინერვიულა... რომ დამინახა ვუკრავდი, გავიდა და ტირილი დაიწყო. შემდეგ აღარ ვეუბნებოდით, რომ არ ენერვიულა და კონცერტის ჩანაწერებს ვაყურებინებდით... ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... 7 შვილიშვილიდან მუსიკას მარტო მე გავყევი და ჩემი სცენაზე დგომა ძალიან უხაროდა.

- როდესაც გყავს ასეთი ბაბუა, რას ნიშნავს?

- უპირველესად, პასუხისმგებლობას. მას უყვარდა თბილისი და ხალხი, ადამიანებთან კონტაქტი. თბილისის გარდა სხვაგან ცხოვრება არ შეეძლო. საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ასეთი ბაბუა მყავდა. ჩემ გვერდით იყო ადამიანი, რომელმაც გიტარა ამ ქალაქში ამ მასშტაბით შემოიტანა, გიტარა, როგორც ცალკე აღებული და არა როგორც აკომპონიმენტი სიმღერისთვის.

- მართლაც გამორჩეული იყო, ოთარ რამიშვილივით გიტარას არავინ უკრავდა...

- ნამდვილად. ჩახლეჩილი ხმაც მისთვის სახასიათო იყო. ამასთანავე, არაჩვეულებრივად საინტერესო ლექსები აქვს, რომელიც ბევრმა არ იცის და მისი სიმღერების გარკვეული ნაწილიც არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ვფიქრობ და ვაპირებ, რომ ხალხს გავაცნო მისი სრული შემოქმედება, იმისთვის არ დაუწერია, რომ თაროზე შემოგვედო, ხალხისთვის დაწერა. ამ ყველაფერს მივაწვდი მაყურებელს და მსმენელს... საოცარი იუმორი ჰქონდა და თან ისეთი თქმა იცოდა, არავინ ბრაზდებოდა და არავის სწყინდა. ყველაფერს ლამაზად მოგაწოდებდა...

- ლიზი, ცნობილია, რომ უკრავ ქართველი ოსტატის ლევან ცინცაძის მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე და არა ევროპაში დამზადებულ ჩელოზე...

- ბავშვობიდან მაქვს ძალიან ძველი, ევროპაში დამზადებული, იტალიური ინსტრუმენტი, რომელიც - ჩემი პირველი ინსტრუმენტი იყო. მასზე ხშირად ვუკრავ, არაჩვეულებრივია. თავიდან გერმანიაში რომ წავედი, იქ უნივერსიტეტის სახელი და სურვილი იყო, ჩემთვის ინსტრუმენტი მოეცათ და მასზე დამეკრა. ასევე იყო შვეიცარიაში და მერე მადრიდშიც. ჩელოს ყველგან მაძლევდნენ. რაც შეეხება ლევან ცინცაძის ინსტრუმენტს. მასთან ერთხელ ჩემი ინსტრუმენტი მივიტანე. მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა ჩელოს დამზადება და შემახედა. მისი ნახელავი ძალიან მომეწონა. ლევანმა მითხრა - იმედი მაქვს, ერთ დღესაც მასზე დაუკრავო. მოკლედ, პანდემიის დროს რომ ჩამოვედი, ჩელო უკვე დასრულებული ჰქონდა და დადგა კიდეც მასზე დაკვრის დღე. ეს ინსტრუმენტი ძალიან შემიყვარდა. თან ქართული ინსტრუმენტები ხომ არც არსებობს. ერთადერთი ლევან ცინცაძე გვყავს, ასეთი სერიოზული ოსტატი, ვინც მათ ამზადებს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- თუ რაიმე არ ვნახე, ადამიანებთან კომუნიკაცია არ მექნა, თუ წიგნი არ წავიკითხე, ისე რა გამოვა?! რაღაც ფანტაზია ხომ მინდა - ასე ვივსებ მას. ძალიან მიყვარს მანქანის ტარება და ხშირად დავდივარ ხოლმე, წიგნის კითხვას ყოველ დღე თუ ვერ ვახერხებ, ვცდილობ, დღეგამოშვებით 10 გვერდი მაინც წავიკითხო, რაც უკვე წესად მაქვს გადაქცეული. ვუსმენ მუსიკას, ვსწავლობ უცხო ენებს, რაც მნიშვნელოვანია. ვიცი 6 ენა, ფორტეპიანოზე ვუკრავ... გარკვეულ დროს ვუთმობ ბაბუის სიმღერებს, ლექსებს და მათ ვუღრმავდები. ისეთი სტრიქონებია, დაგაფიქრებს და გულში ჩაგწვდება.

- 3 მაისს, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კიდევ ერთი კონცერტია დაგეგმილი და მგონი, იქაც უნდა დაუკრათ...

- სიმფონიური ორკესტრი რამდენიმე კონცერტს გამართავს. 3 მაისს მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი იქნება. სადირიჟორო პულტთან იქნება არაჩვეულებრივი დირიჟორი, მირიან ხუხუნაიშვილი და ეს კონცერტი გაიმართება ახალ თეატრში, რკინიგზელთა სახლში. მაისში დუბაიში მიწევს წასვლა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 6 კონცერტი მექნება. ესეც უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტებია. უკრაინისთვის საფრანგეთშიც გავერთიანდებით მე და ჩემი ევროპელი მეგობარი მუსიკოსები. შემოდგომით კი გერმანიაში მაქვს კონცერტი დაგეგმილი. ასეთია ამჯერად ჩემი გეგმები.