ავტორი:

"უკრაინაში წასვლის წინ ლაზარეს და მარიამს ვუთხარი, რომ პარიზში მივდიოდი, მაგრამ ყველაფერი ვიცითო, მითხრეს... უკრაინა დაგიხატეთო" - რას ჰყვება ანა ნაცვლიშვილი უკრაინაში ვიზიტზე

"უკრაინაში წასვლის წინ ლაზარეს და მარიამს ვუთხარი, რომ პარიზში მივდიოდი, მაგრამ ყველაფერი ვიცითო, მითხრეს... უკრაინა დაგიხატეთო" - რას ჰყვება ანა ნაცვლიშვილი უკრაინაში ვიზიტზე

ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიევში დასრულებულია. როგორც ცნობილია, უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართეს, სადაც სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა, პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ "რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“. საუბარი შეეხო სანქციებსაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება.

როგორც უკრაინის რადა აცხადებს, საქართველოს პარლამენტმა უკრაინა დაარწმუნა, რომ პირადი შეხვედრით "ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.“

შეხვედრაზე განიხილეს აგრესორ ქვეყანაზე სანქციების დაწესებისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხები, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი და უკრაინის აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარება.

საქართველოს დელეგაციამ მოინახულა კიევის ოლქის ის ქალაქები, რომელიც რუსი დამპყრობლების სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

“რთულია სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, ირპენსა და კრამატორსკში. თუმცა არსებობს ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომლის შესახებაც ჯერ არავის მოუსმენია. ჩვენ, ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი “ბუჩები” 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა”, - განაცხადა შეხვედრაზე პაპუაშვილმა.

ვიზიტის მნიშვნელობასა და უკრაინულ შთაბეჭდილებებზე ambebi.ge-ს "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი უამბობს, რომელმაც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "მასობრივი საფლავები, დახვრეტის ოთახები და დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, ამ ყველაფრის თვითმხილველებთან და მოწმეებთან საუბარი... ჯერ მიჭირს ყველაფრის მოყოლა..."

მოგვიანებით ანამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"უკრაინაში წასვლის წინ ლაზარეს და მარიამს ვუთხარი, რომ პარიზში მივდიოდი, იციან, რომ უკრაინაში ომია და არ მინდოდა შეშინებოდათ. მაგრამ, ყველაფერი ვიცითო, მითხრეს რომ დავბრუნდი, უკრაინა დაგიხატეთო. აქ არ ჩანს, ცარცითაა ნახატი და ტანკზე დროშა უკრაინის ფერებშია. ომის მეორე ფაზა დაიწყო დღეს უკრაინაში, ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ამ უდრეკ ხალხს".

ანა ნაცვლიშვილი:

- საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებელი ნაბიჯი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ვუხსნიდით ხელისუფლებას, რომ აუცილებელი იყო უკრაინელებთან ნორმალური კომუნიკაცია, ოფიციალური დელეგაციის ჩასვლა და არა მედიაში გადაძახილ-გადმოძახილი. ცნობილმა განცხადებებმა დააზიანა ისედაც გართულებული ურთიერთობები და საქართველო ამ პერიოდში არასწორ მხარეს წარმოაჩინა. ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ რა ნაბიჯები მოჰყვება ამ ვიზიტს ხელისუფლების მხრიდან.

არ ვიცი, დახურულ კარს მიღმა ერთი ერთზე რაზე ისაუბრეს პაპუაშვილმა და სტეფანჩუკმა, მაგრამ მათი ტონიდან, შინაარსიდან, აქცენტებიდან გასაგები იყო, რომ საქართველოს ნაბიჯებით იმედგაცრუებულები იყვნენ, ამას არავინ მალავდა, მაგრამ მათი ორიენტირი იყო გაუმჯობესებული. მგონია, უკრაინელების მხრიდან ტონიც და სულისკვეთებაც ძალიან სწორად იყო შერჩეული. რა თქმა უნდა, წყენა აქვთ და ადამიანურადაც იგრძნობა, მაგრამ, ვფიქრობ, უკრაინის მხრიდანაც გადმოიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც მათ მოწვევა გამოუგზავნეს სპიკერს. სხვათა შორის, ეს ვიზიტი ძალიან მაღალორგანიზებული იყო და ყველა დეტალში და ნიუანსში იგრძნობოდა, რამდენად გველოდნენ იქ.

- იქნებ, გაგვიმხელთ, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა?

- იყო რამდენიმე საკითხი. განსაკუთრებით ბევრჯერ გაესვა ხაზი მადლიერებას ქართველი ხალხის მიმართ. მათ ყველაფერი დეტალურად იციან - რა ნაბიჯები იდგმება და რა - არა, ვინ რა განცხადებებს აკეთებს... იყო ლაპარაკი რუსულ ჰიბრიდულ ომსა და დეზინფორმაციაზე, რა მხრივაც უკრაინელები ჩვენგან რეაგირებას ელიან. გვითხრეს, ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი და იქნებ თქვენც იმსჯელოთ ამაზეო. იქ პრორუსული არხები აკრძალულია, რაც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ უკვე გააკეთა. ჩვენი პარტია ამ ვიზიტამდეც მუშაობდა ამაზე და მომზადებული გვაქვს როგორც პოლიტიკის დოკუმენტი, ასევე კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტი, როგორ შეიძლება ებრძოლოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო რუსულ დეზინფორმაციას ისე, რომ არც დემოკრატიული პრინციპები დაარღვიოს და არც სახელმწიფო უსაფრთხოება და ეროვნული მედეგობა დატოვოს ასე მოშიშვლებული, როგორც დღეს არის რუსული დეზინფორმაციის მიმართ. ამას ახლო მომავალში დავაინიცირებთ, ჩვენ გვინდა ამ საკითხს საქმიანად შევხედოთ და კონკრეტული წინადადებებით ვართ მომზადებული. ვნახოთ, გამოჩნდება, რამდენად იქნება მზად ხელისუფლება, კონსტრუქციულად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე.

- სანქციების თემაც იყო წამოწეული, როგორც ვიცით...

- სპიკერმა საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლისთვის შავი ხვრელი. ამ მკაფიო განცხადებას რომ არ აკეთებდა საქართველო და გვახსოვს პრემიერის განცხადებები, სწორედ ეს იწვევდა პროტესტს და ქვეყნის მოსახლეობის დამცირებას.

- პაპუაშვილის ანტირუსული და ოკუპანტის დამგმობი ტექსტი ნამდვილად მოსაწონი იყო. თქვენი აზრით, ეს ტექსტი იქნება ხელისუფლების ოფიციალური საგარეო პოზიციაც?

- ისეთ ვითარებაში ვართ, მაღალი ტრიბუნიდან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, რომ შავს რომ შავი დააქრვეს და თეთრს - თეთრი, ესეც სიხარულს იწვევს. სამწუხაროდ, ისე წაიყვანეს ვითარება, 52-ე დღეს მაინც რომ გაკეთდა სწორი აქცენტი და სწორი შინაარსით დაფიქსირდა პოზიცია, ესეც აღნიშვნას იწვევს. ეს თავისთავად მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. პაპუაშვილმა ამ ტიპის განცხადება საერთაშორისო მედიის და პოლიტიკური სპექტრის თანდასწრებით ოფიციალურ ვიზიტზე გააკეთა და "ოცნება“ თვითონვე თუ გააბაიბურებს ამ განცხადებას, ვფიქრობ, მათთვის იქნება დიდი პრობლემა და თავის ტკივილი. იმედია, ისინი თავიანთ სპიკერს ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ.

- ბუჩადან და ირპენიდან რა ემოციები გამოგყვათ, ადგილზე ნანახი ალბათ სხვა შეგრძნება და ემოციაა...

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მძიმე იყო სანახავად, ადგილზე სხვა სიმძაფრით გრძნობ ამ ყველაფერს, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, ვიზიტის შემდეგ უფრო მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მძიმედ განვიცდი, ეს არის ემოციები, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება.