ავტორი:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ გენიჩესკში დამპყრობლებმა ლენინის ძეგლი დადგეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ გენიჩესკში დამპყრობლებმა ლენინის ძეგლი დადგეს

უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულ ქალაქ გენიჩესკში, საბჭოთა კავშირის დამაარსებლისა და ბოლშევიკური პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ძეგლი დადგეს.

მონუმენტი ადგილობირივი ადმინისტრაციის შენობასთან აღმართეს, რომლის თავზეც წითელი დროშა - ე,წ. გამარჯვების ბანერი და რუსეთის დროშაა აღმართული. ძეგლის ფოტოები რუსეთის ხელისუფლების მიერ ქალაქში ადგილობრივი პოლიციის უფროსად დანიშნულმა გენადი მალიუკოვმა გამოაქვეყნა.

ამ ადგილას ლენინის ძეგლი ადრეც იდგა, თუმცა 2015 წელს ის აიღეს. ახლად აღმართული ქანდაკება იგივე არაა, რომელიც წინათ იდგა, თუმცა საიდან გაჩნდა ახალი ძეგლი, უცნობია.

ლენინის ძეგლი, რომელიც ამ ადგილას 2015 წლამდე იდგა

უკრაინაში საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ძეგლების დადგმა ე.წ. დეკომუნიზაციის კანონის მიხედვით აკრძალულია. ლენინის ქანდაკებები ქვეყანაში 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აიღეს. ამასთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის დეკომუნიზაცია და თქვა, რომ "რუსეთი მზადაა აჩვენოს ეს როგორ უნდა სინამდვილეში."

არსებული ინფორმაციით, ლენინის ეს ძეგლი პირველია, რომელიც რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგეს.

წყარო: ekhokavkaza.com