წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ რუსეთმა დონბასისთვის დაიწყო ბრძოლა.
"ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, რომელსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისკენაა მიმართული", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, როგორც ჩანს, რუსი გენერლებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარ დანაკარგებს არ ითვლიან, იძულებული გახდნენ უფრო ფრთხილად იყვნენ, რადგან შეტევისთვის აღარავინ დარჩებათ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ეს რუსეთს არ უშველის, უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია და რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ, უკრაინა თავს დაიცავს და არაფერს უკრაინულს არავის მისცემს.
"რამდენი ჯარისკაციც არ უნდა იყოს გაგზავნილი იქ, ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ ვიბრძოლებთ. უკრაინულს არაფერს დავთმობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი შეტევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი, დღეს, 19 აპრილს შეხვედრას გამართავენ სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფრანგულ ტელევიზია BFMTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის და კანადის ლიდერები და ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელები.
იხილეთ ასევე: