ავტორი:

ვებსტერ საქართველო და „ქალები მომავლისთვის“ აქტივობებს აანონსებენ

ვებსტერ საქართველო და „ქალები მომავლისთვის“ აქტივობებს აანონსებენ

ვებსტერ საქართველომ ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც სტუდენტი და მეწარმე ქალებისთვის ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ვებსტერ საქართველოს წარმომადგენლის მაია ნონიაშვილის განმარტებით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სტუდენტებისა და სხვა ბენეფიციარების პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ვებსტერ საქართველო აქტიურად იწყებს თანამშრომლობას ადგილობრივ ორგანიზაციებთან. მოხარულები ვართ, რომ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ პირველია, ვისთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაფორმებთ. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს სტუდენტებს ხელი შევუწყოთ, აიმაღლონ ცნობიერება და განვითარდნენ პროფესიულად. აღნიშნულის განხორციელება სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებშია დაგეგმილი. მომავალი კვირიდან კიდევ არაერთი ხელშეკრულების გაფორმება და თანამშრომლობის დაწყებაა დაგეგმილი,“ - აცხადებს მაია ნონიაშვილი.

სტუდენტი და მეწარმე ქალებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება იგეგმება. ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, საჯარო ლექციები, ტრენინგები, მასტერკლასები და სხვა. განხორციელდება საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები.

ღონისძიება ვებსტერ საქართველოს ახლადგახსნილ კამპუსში გაიმართა, რომელსაც ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე და წევრები ესწრებოდნენ. მათთვის სპეციალური პრეზენტაცია ჩაატარეს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა და აკადემიური საბჭოს წევრმა ერუკ კლიკმა და ვებსტერ საქართველოს ვიცე რექტორმა ემინ ჰაჯიევმა.

„საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მოხარულები ვართ, რომ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მასთან თანამშრომლობას იწყებს. ჩვენი საპარტნიორო მემორანდუმი მოიცავს აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩაერთვებიან ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეები. მოხდება პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, ბევრი სტუდენტი დაინტერესება საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს წევრ ორგანიზაციებში ხელი შევუწყოთ მათ სტაჟირებასა და დასაქმებას,“ - განაცხადა ნინო კობახიძემ.

სტუმრებისთვის სპეციალურ ტურს უნივერსიტეტში მაია ნონიაშვილი უძღვებოდა.

ვებსტერ საქართველო 2-წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. პარალელურად ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ვებსტერის უნივერსიტეტი ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ პროგრამებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ, როგორიცაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.