მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მას საკუთარი სახლი არ აქვს და მეგობრებთან ღამეს ტახტზე ათევს.
"ამჟამად საკუთარი სახლიც კი არ მაქვს და მეგობრებთან ვრჩები ხოლმე. Bay Area-ზე თუ მივდივარ, სადაც Tesla-ს უმეტესი ინჟინერიაა, ფაქტობრივად, სულ მეგობრების თავისუფალ საძინებლებში მიწევს ძილი", - ამბობს დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ილონ მასკი.
მასკი, ვისი ქონებაც, დაახლოებით, 251 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ამბობს, რომ ბევრი ადამიანი, სიმდიდრის გლობალური უთანასწორობის გათვალისწინებით, შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს მილიარდერების ფონზე. ამერიკელი კანონმდებლები, მათ შორის სენატორი ელიზაბეტ უორენი, აკრიტიკებენ მეგამილიარდერებს მათთვის დაკისრებული დაბალი გადასახადების გამო.
"რა თქმა უნდა, ეს პრობლემური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე მილიარდობით დოლარს დავხარჯავდი ჩემი პერსონალური სურვილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არც საკუთარი იახტა მაქვს, არც დასასვენებლად ვმოგზაურობ", - ამბობს მასკი. თუმცა როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ის ვერტმფრენს ფლობს, რომელსაც მილიარდერი ერთადერთ გამონაკლისად მიიჩნევს.
"თვითმფრინავით რომ არ ვისარგებლო, მაშინ სამუშაოდ ნაკლები დრო დამრჩება", - ამბობს ის.
2021 წლის აგვისტოში, Insider-მა დაწერა, რომ მოარული ხმების მიხედვით, მასკი 50 000$-ის ღირებულების პატარა სახლში ცხოვრობდა, რომელიც მან SpaceX-ისგან იქირავა. მასკის პარტნიორმა, კლერ ბუშერმა ახლახანს მიცემულ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ ხანდახან მასკი "სიღარიბის ზღვარს ქვემოთაც" ცხოვრობდა და რომ ერთხელ ახალი ლეიბის ყიდვაზეც კი უარი თქვა, იმის მიუხედავად, რომ მის მხარეს ლეიბი დაზიანებული იყო.
ილონ მასკმა, რამდენიმე დღის წინ "ტვიტერის" აქციების ყიდვაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს შენაძენი, ცივილიზაციის გარდამტეხი მომენტისთვის სამზადისია. მისი თქმით, ეს არ შეეხება ქსელის ბიზნეს-ეკონომიკას და ეს მისი სანდოობისა და დემოკრატიულობის შენარჩუნებისთვის გააკეთა.
"ეს არ არის ფულის შოვნის საშუალება. ინტუიცია მეუბნება, რომ სანდო და ფართოდ ინკლუზიური საჯარო პლატფორმის ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია ცივილიზაციის მომავლისთვის. ხალხს უნდა შეეძლოს თქვას: "მე აქ პრობლემას ვხედავ", "მე ამას არ ვეთანხმები"... მოკლედ, უნდა შეეძლოთ ილაპარაკონ პრობლემებზე და ცვლილებებიც შემოგვთავაზონ", - განაცხადა მან.
წყარო: businessinsider
იხილეთ ასევე:
მოამზადა: ანა სიბოშვილმა