ავტორი:

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მართვა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მართვა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული ფუნქციური პათოლოგიაა, რომლის შემთხვევათა უმეტესობა 20-50 წლის ასაკის პაციენტებზე მოდის. ის მსოფლიო მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალების დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო კაცების 5-20%-ს უვითარდებათ.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თავისებურებებზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, დიაგნოსტირებასა და მართვაზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გასტროენტეროლოგსა და ენდოსკოპისტს, ანდრო მაჭავარიანს ვესაუბრეთ.

რა სიმპტომებით გამოიხატება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას?

ამ პათოლოგიას ახასიათებს ტკივილი და/ან დისკომფორტი მუცლის არეში, რასაც თან ერთვის ნაწლავის მოქმედების ცვლილება -ის მიმდინარეობს ფაღარათით ან ყაბზობით. მას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა, შეგვიძლია, გამოვყოთ მისი ხელშემწყობი ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, არასწორი კვებითი რეჟიმი და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაავადების მიმართ.

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირების პროცესი?

რადგანაც ნაწლავის ეს დაავადება ფუნქციურია და არ გამოიხატება რაიმე ორგანული პათოლოგიით, დიაგნოსტიკას გამორიცხვის მეთოდით წარვმართავთ. უნდა მოხდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა – უნდა გავმიჯნოთ და გამოვრიცხოთ ყველა ის პათოლოგია, რომლებსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. ასეთი პათოლოგიებია, მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი) ნაწლავური ინფექციები, კვებითი ალერგიები, სიმსივნური პროცესები და სხვა.

ექიმს არ უნდა გამოეპაროს და კარგად უნდა გამოიკვლიოს, ამ სიმპტომების გარდა, პაციენტს ხომ არ აღენიშნება ისეთი ნიშნებიც, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაცილებით მძიმე პათოლოგიებზე მიანიშნებენ. ასეთი საგანგაშო სიმპტომებია წონაში კლება, სისხლიანი განავალი, ტკივილის გაძლიერება ღამით და სხვა.

თოდუას კლინიკაში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე პათოლოგიების გამოკვლევისათვის საჭირო ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს ერთ სივრცეში ვატარებთ. მას შემდეგ კი, რაც ვრწმუნდებით, რომ რაიმე სხვა დაავადებასთან არ გვაქვს საქმე და სიმპტომებს ნამდვილად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს, ვსვამთ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას ვნიშნავთ.

როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა პაციენტის ცხოვრების წესის მოდიფიცირებით იწყება. შესაძლოა, მას სპეციფიკური დიეტა დასჭირდეს. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პროცესში ვრთავთ სხვადასხვა ანტისპაზმურ მედიკამენტებს, ლაქსატივებს, ანტიდიარეულ მედიკიმანტებს, პრობიოტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ხშირად საჭიროა ფსიქოლოგისა თუ ნევროპათოლოგის ჩართულობაც და ანტიდეპრესანტების დახმარებით პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება და გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, ექიმმა სინდრომის მართვა, რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენებით მოახერხოს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რის შემდეგაც პაციენტმა დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მართოს – ყურადღება მიაქციოს მის ცხოვრების წესს, კვებით რეჟიმს, ისწავლოს სტრესის მართვა და კარგად შეისწავლოს ყველა ის ფაქტორი, რომლებიც სინდრომის გამწვავებას უწყობენ ხელს.

NS