ავტორი:

"ზუსტად არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას - არა" - რას ჰყვებიან პარლამენტარები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ და რა სთხოვა მათ სტეფანჩუკმა

"ზუსტად არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას - არა" - რას ჰყვებიან პარლამენტარები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ და რა სთხოვა მათ სტეფანჩუკმა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო "შავი ხვრელი“ არ გახდება.

როგორც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა სთხოვა.

"ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო "შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

  • "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სანქციები იყო.

როგორც მან უკრაინიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არასწორი განცხადების გამო, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დაზიანებული იყო.

"სანქციებთან დაკავშირებით შეხვედრის დროსაც იყო საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამ მოწოდებისა და შეხვედრის შემდეგ, იმედს ვიტოვებ, დისკუსია მაინც გაიმართება, მათ შორის ოპოზიციასთან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანა-უკრაინას, რომელიც ომშია.

დახვედრით, ვიზიტით, საუბრით, კონკრეტულ საკითხზე შეთანხმებით ჩანდა სწორედ ის, რომ ამ ვიზიტით ჩვენ შევძლებდით და სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდით ურთიერთობების აღდგენისკენ, რადგან მოგეხსენებათ, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არასწორი განცხადების გამო, ეს ურთიერთობები დაზიანებული იყო“,-განაცხადა სამნიძემ.

  • "გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უკრაინელ დეპუტატებს აქვთ განცდა, რომ საქართველოს მათ მხარდასაჭერად მეტი აქვს გასაკეთებელი.

როგორც მან უკრაინიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მათ დაზუსტებით არც კი იციან, რუსეთის წინააღმდეგ რომელ სანქციებს არის საქართველო მიერთებული და რომელს არა.

ამასთან, მეგრელიშვილის შეფასებით, უკრაინაში არსებული სიტუაცია რეალურად, ბევრად უფრო მძიმე სანახავია.

"მე დეპუტატებს ველაპარაკე და მათი განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი. მართალი გითხრათ, ზუსტად არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას არა. დარწმუნებული ვარ, ემოციურად აქვთ ეს ინფორმაცია, რომ საქართველო საკმარისად არ არის უკრაინის გვერდით. რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ კადრებს, ფიზიკურად ვნახეთ და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძიმე და ემოციურია, როდესაც ადამიანები შენი ნანახის რეალურ ისტორიებს გიყვებიან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.