ავტორი:

"აზოვის ბატალიონი ქართველებთან, ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად შევქმენი" - რას ჰყვება "აზოველი" სერგეი კოროტკიხი და რას უკავშირებს ბატალიონის დაუჯერებელ სიმამაცეს

"აზოვის ბატალიონი ქართველებთან, ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად შევქმენი" - რას ჰყვება "აზოველი" სერგეი კოროტკიხი და რას უკავშირებს ბატალიონის დაუჯერებელ სიმამაცეს

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსების დაუნდობელი შეტევის მიუხედავად, თვეზე მეტია მედგრად დგას, უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრშია. როგორ უძლებენ ალყას, რა ტაქტიკა და რაც მთავარია, თავგანწირვა და გამძლეობა აქვთ "აზოვის" ბატალიონის წევრებს, ასევე, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას, რომელიც მათ 13 აპრილს შეუერთდა - ეს არის თემა, რომლის გარშემოც კამათი არ წყდება და კიდევ დიდხანს არ შეწყდება იმის მიუხედავად, თუ რა ბედი ეწევა ქალაქს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინა "აზოველების" სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, "უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრინოს, რუსეთის მიერ კონტროლდება."

მაინც ვინ არიან "აზოველები", რა ფიზიკურ და სამხედრო რესურსს, მოტივაციასა და მომზადებას ფლობენ, საიდან დაიბადა მისი შექმნის იდეა და ვინ არის სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარებული ბატალიონის სულისჩამდგმელი, ამის შესახებ, აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად "ბოცმანი", kievvlast.com.ua-სთან საუბრობს.

  • ბოლო რვა წლის განმავლობაში, "აზოვი" და სხვადასხვა მოხალისე ჯგუფი, არაერთმა ქვეყანამ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა, 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბევრი რამ შეიცვალა, ასევე შეიცვალა მათ მიმართ დამოკიდებულება და არაერთმა ქვეყანამ ექსრემისტთა სიიდან ამოიღო.

რუსული პროპაგანდისტული მანქანები (და არამხოლოდ) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ "აზოვის" ბატალიონს ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები წვრთნიდნენ, თუმცა, როგორც გამოცემასთან საუბარში სერგეი კოროტკიხი ამბობს, არავითარი დასავლელი ინსტრუქტორები არ ყოფილან.

"ბატალიონი ქართველ სამხედროებთან, ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დავაფუძნეთ. არავინ დაგვხმარებია და პირიქით, ათას რამეს ამბობდნენ ჩვენზე, "საფრთხობელას" ქმნიდნენ. ბახვა ჩიქობავა, მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა, მძიმედ დაშავდა გიორგი ყუფარაშვილი და ვინიცაში მკურნალობს, ერთი სიტყვით, ახლა გაირკვა, რომ უკრაინის დაცვის ხერხემალი სწორედ აზოვის ბატალიონია.

გიორგი ყუფარაშვილი

მარიუპოლს სწორედ გიორგი ყუფარაშვილის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვითა და რვა წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევის, მომზადების, სწავლისა და წინასწარ კარგად შემუშავებული გეგმის შედეგად ვიცავთ", - ამბობს "ბოცმანი."

ბახვა ჩიქობავა, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში "აზოვის" ბატალიონის მომზადების და მოტივაციის სისტემას მსგავსი ანალოგი არ აქვს.

არადა, 7 წელი დევნიდნენ, ეძახდნენ ნაცისტებს, კერძო ჯარს, ბევრისთვის მიუღებელი იყო მათი გაუპარსავი წვერი და სხვადასხვა მახასიათებლები, მაგრამ როგორც სამხედრო ამბობს, ის, რასაც ახლა აზოვი მარიუპოლში აჩვენებს - ასეთი შედეგის დადება მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია. თავად, სერგეი კოროტკიხს უმძიმესი ბიოგრაფია აქვს. მთელი ცხოვრება სამხედრო საქმესა და პუტინის ავტორიტარიზმთან ბრძოლას მიუძღვნა. მისივე თქმით, ბუჩაში ნანახ საშინელ კადრებამდეც იცოდა, თუ რამდენად საშიში იყო "რუსული სამყარო".

მისთვის ომი 2014 წელს დაიწყო, შესაბამისად, არც დიდი ომის დაწყება გაჰკვირვებია. ამიტომ, 24 თებერვალს, 200-კაციანი ჯგუფი უკვე მობილიზებული იყო.

"რადგან ომის რვაწლიანი გამოცდილება გვაქვს, წინასწარ გვქონდა გეგმა შედგენილი, სად რა უნდა ყოფილიყო", - ამბობს კოროტკიხი.

კითხვაზე, როგორი ვითარება აქვთ შეიარაღებასთან დაკავშირებით, ის პასუხობს, რომ "ამ შემთხვევისთვის, ისინი საკმაოდ კარგად არიან შეიარაღებულნი - "ამაში შედის როგორც მოხალისეების დახმარება, ასევე ნაალაფარი, ანუ ბრძოლის შედეგად რუსებისთვის წართმეული ტექნიკა და შეიარაღება, მაგალითად, გვაქვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ასევე, უპილოტო საბრძოლო დრონები, Стрела-10М, რომელიც რუსებს ავართვით", - ამბობს სამხედრო.

  • ინტერვიუში ის ახსენებს, უკრაინის ხელისუფლებას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომლის თაყვანისმცემელი არ ყოფილა, მაგრამ ახლა მისი შეფასებით, ძალზე მამაცურად იქცევა და ამ ეტაპზე, მან თავისი როლი 101 პროცენტით შეასრულა.

"პირველი დღეები ძალიან რთული იყო. რუსებმა ვერ აიღეს კიევი, მაგრამ ძალისხმევას არ წყვეტდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დედაქალაქში რჩებოდნენ ზელენსკი, ბაკანოვი, ბუდანოვი... ეს ძალიან ძლიერი მაგალითი იყო, ამიტომაც შეძლო კიევმა საერთო ქაოსში ვითარების სწრაფად დალაგება და სწორი სტრატეგიის დასახვა", - მიაჩნია კოროტკიხს. მისივე თქმით, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა ხელისუფლებასთან და გადაწყვეტილებასაც ინფორმაციის შეჯერების შემდეგ იღებენ.

"ბევრი რამ განაპირობებს იმას, რის გაკეთებასაც ახლა "აზოვი" ახერხებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვიბრძოლებდით, ახლა უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რის გაკეთებასაც მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ მოახერხებდა.

სერგეი კოროტკიხი, "ბოცმანი"

"აზოვის" ბატალიონის სამივე დამფუძნებლის ლიკვიდაციისთვის, ჩემზე, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ყუფარაშვილზე, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში, მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ახლა მხოლოდ ჩემზე 500 ათას დოლარს იძლევიან. როგორც ჩანს, ვიზრდები. ამ რვა წლის განმავლობაში სანქციების ქვეშ ვიყავით, რომელ დასავლეთზეა საუბარი?.. თავად დავაარსეთ სერჟანტისა და საოფიცრო სკოლა, ეს ყველაფერი 90% ით გიორგი ყუფარაშვილის დამსახურება იყო.

ის შვიდი წლის განმავლობაში წვრთნიდა სამხედროებს, სწავლობდა და მუშაობდა მარიუპოლის დაცვის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, სწორედ ახლა ვიცავთ ქალაქს. არადა, გიორგის იშვიათად ახსენებენ, რაც უსამართლობაა, რადგან მარიუპოლში, ხარკოვში, სუმში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ნიკოლაევში ყველგან შედეგს ვდებთ... ", - ამბობს "აზოვის" ერთი-ერთი დამფუძნებელი.