რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს, - აღნიშნულ ინფორმაციას "ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.
"ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კიევში ჩასვლის შემდეგ, აბრამოვიჩი უკრაინელ დიპლომატებს შეხვდა, რათა მათთან ერთად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლო გზები განეხილა.
მედიასაშუალების განმარტებით, რუსი ოლიგარქი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დიდი ხნის განმავლობაში არის დაკავშირებული, რუსეთსა და უკრაინას შორის არაფორმალური მედიატორის როლს ასრულებს.
"ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აბრამოვიჩს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში ჩართვა პირადად სთხოვა.