ავტორი:

გაერთიანებული სამეფო "მოსკოვის" ჩაძირვას ეხმაურება: "ამან ფლოტის მდგომარეობა შეარყია"

გაერთიანებული სამეფო "მოსკოვის" ჩაძირვას ეხმაურება: "ამან ფლოტის მდგომარეობა შეარყია"

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა 2 საკვანძო სამხედრო-საზღვაო ობიექტი დაკარგა. ამან ფლოტის მდგომარეობა შეარყია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ინფორმაციაშია ნათქვამი.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა აღიარა კრეისერ "მასკვას“ ჩაძირვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, "მასკვა“ ასრულებდა საკვანძო როლს, როგორც სამეთაურო ხომალდი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებით.

"საბჭოთა ეპოქის გემი "მასკვა“ იყო რუსეთის საზღვაო ფლოტის "სლავას“ კლასის სამი კრეისერიდან ერთ-ერთი. 1979 წელს ექსპლუატაციაში შესულმა კრეისერმა გაიარა კაპიტალური რემონტი თავისი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დაბრუნდა ექსპლუატაციაში მხოლოდ 2021 წელს.

კრეისერის ჩაძირვა ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზიანი მიადგა რუსეთის ორ სამხედრო-საზღვაო ობიექტს. პირველი მათგანი იყო "ალიგატორის“ ტიპის რუსული სადესანტო ხომალდი "სარატოვი“. ორივე მოვლენა დიდი ალბათობით აიძულებს რუსეთს გადახედოს თავის საზღვაო პოზიციას შავ ზღვაში“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.