გავუშვით შესაძლებლობა, ახლა ვინც გინდა ის ჩავიდეს, დაგვიანებულია, სამხრეთ აფრიკის დელეგაცია და ზიმბაბვეს დელეგაცია რომ ჩავა და შენც რომ ჩახვალ, ცუდი არ არის, მაგრამ ეს უკვე მორჩენილი ამბავია, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი რუხაძის განცხადებით, არსებობს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ვიზიტი დააგვიანა და მეორე ის, რომ საქართველოში არ შეგვიძლია გაერთიანება და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა ისეთ თემებთან დაკავშირებითაც კი, როგორიც არის უკრაინა.
"ეს ყველაფერი, რაც ხდება, პრობლემაა ქვეყნისთვის. აქ არის ორი კომპონენტი, ერთი არის მთავარი და მეორე მეორეხარისხოვანი. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ომის 50-ე დღეა და აქამდე საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი უკრაინაში არ ყოფილა. ამ კვირაში მიდის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციაც უკრაინაში და მე მგონია პარლამენტში შეხვდებიან ერთმანეთს საქართველოს და კონგოს მმართველი პარტიის ლიდერები, ახლა ეს ნორმალურია? 50-ე დღეა. რა თქმა უნდა, დავაგვიანეთ, ან დაპატიჟება რად გინდა, შე კაი ადამიანო, ბერა ივანიშვილს რომ თავის ინსტაგრამ გვერდზე არ აეტვირთა უკრაინის დროშა, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არ მოხდებოდა.
მადლობა ბატონ ბერას, რომ როგორც იქნა თქვენი ინსტაგრამ გვერდის დახმარებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, გამოჯანმრთელდა თან ამასობაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ იყო გუშინ იქ, როდესაც 5 ქვეყნის პირველი პირი: პოლონეთის, ლიტვის, ლიეტუვას, ესტონეთის იდგნენ და ულამაზესი ჟესტით ზელენსკისთან ერთად აჩვენებდნენ ერთიანობას. მე გამახსენდა თბილისი, როდესაც პრეზიდენტები იყვნენ აქ, ჩვენ პრეზიდენტთან ერთად. რატომ არ შეიძლებოდა, რომ ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო იქ და ეს იქნებოდა სიგნალი მარტო უკრაინელებისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო დგას იქ, სადაც უნდა იდგეს.
პირველი პრობლემა არის ის, რომ აქამდე მივიდა საქმე და საქართველო არის მაჩანჩალა ქვეყანა, ვისაც არ დაეზარა ყველა ჩავიდა კიევში ჩვენს გარდა და ახლა როგორღაც ჩვენც ჩავდივართ, მაგრამ ახლა მეორე საკითხი. ერთი დელეგაცია იქნებოდა თუ ორი დელეგაცია იქნებოდა, მთავარია დელეგაციებს შორის ჩხუბი არ მომხდარიყო შეხვედრების დროს. როდესაც ერთ ქვეყანას წარმოადგენ, მიუხედავად იმისა რანაირად დაპირისპირებულიც არ უნდა იყო ერთმანეთთან, ეს ხდება ყველგან, როდესაც ქვეყანას წარმოადგენ, რაღაც მომენტში ამ დაპირისპირებას უკანა პლანზე წევ. ეს არის პოლიტიკური კულტურის დამადასტურებელი. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გაერთიანება, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა ისეთ თემებთან დაკავშირებითაც კი როგორიც არის უკრაინა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს რატომაც "ქართულმა ოცნებამ" პოზიცია შეცვალა და უკრაინაში ვიზიტი გადაწყვიტა, "ერთი ის, რომ ივანიშვილის ოჯახიდან "სიგნალს“ ელოდნენ, მეორე სოციალური კვლევა ჩაატარეს და მესამე, შესაძლოა საგარეო ფაქტორმაც იქონია გავლენა".
"შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს, რატომ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ" პოზიცია. ეს ამდენი ხალხი უყურებს ბიძინა ივანიშვილს, დამალულია ან საერთოდ არ ჩნდებოდა. ამაზონის ტყეში რომ ფულს რიცხავდნენ ხომ შეიძლებოდა გამოსულიყო და უკრაინაში გადაერიცხა ერთი-ორი მილიონი, არ შეიძლებოდა? ყველა ეხმარება ამ უკრაინას და შე კაი დედ-მამის შვილო, რომ გამოხვიდე და რაღაც გააკეთო არა? მაგრამ გასუსული იყო და ეს ხელისუფლებას იმიტომ იყო გაჭედილი, უყურებდა თავის ლიდერს და პატრონს იქიდან რამე სიგნალი თუ წამოვიდოდა და აი, ბერამ რაღაცნაირად აჩვენა, რომ ოჯახი მხარს უჭერს უკრაინას. პირველია არის სიგნალი ბერასგან და მეორე ალბათ არის შიდა ელექტორალური საკითხი, მე დარწმუნებული ვარ, ბევრ კვლევას ატარებს „ოცნება“ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერთა დიდ ნაწილსაც არ მოსწონს, როგორ მართლაც სამარცხვინოდ იქცევა მმართველი პარტია უკრაინასთან მიმართებაში. მესამე არის საგარეო ფაქტორი, რაც "ოცნებაზე“ მოქმედებს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ „ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნებიან, გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდეს ან ამომრჩეველთა განწყობებმაც განაპირობა, რადგან „როცა ერთ დღეს ამბობ, ეს მთავრობა არის რუსეთის დანიშნული და მეორე დღეს ზიხარ ამ რუსეთის დანიშნულ მთავრობასთან ერთად და რაღაცას აკეთებ. ეს რთულია, ელექტორატი ამას მოღალატეობად უთვლის“
„შეიძლება ეს სიგნალი მოდიოდეს მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ციხეშია, შეიძლება მოდიოდეს „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობიდან პარტიაში და ასევე, „ოცნებისთვის“ უკვე ძალიან ძნელია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა იმდენი ეძახა ომის პარტია, ასევე „ნაცმოძრაობისთვის“ ძნელია „ოცნებასთან“ ერთად რაღაცის გაკეთება იმიტომ, რომ იმდენი ეძახეს რუსეთთან კოლაბორაცია, მოღალატე მთავრობა და ა.შ. ძნელია, როცა ერთ დღეს ამბობ, ეს მთავრობა არის რუსეთის დანიშნული და მეორე დღეს ზიხარ ამ რუსეთის დანიშნულ მთავრობასთან ერთად და რაღაცას აკეთებ. ეს რთულია. პოლარიზაციის კონტექსტში თავი შეიყვანეს ისეთ ჩიხში, რომ აქედან გამოსავალი მარტივი არაა იმიტომ, რომ ელექტორატი ამას მოღალატეობად უთვლის „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.