"ათიდან რვა ადამიანი ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის მწვავე ტკივილს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, ათიდან ოთხი კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის. უმეტესად არ არის საშიში და არც სპეციფიკურ გამოკვლევას და მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, ის დაავადების სიმპტომია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარია" - აღნიშნავს ნევროლოგი გვანცა გიორგაძე.
გვანცა გიორგაძე
რას წარმოადგენს მალათაშუა დისკის თიაქარი, რა იწვევს მას, რატომ შეიძლება მან ადამიანი ერთ დღეში უმოქმედო გახადოს - ამ კითხვებზე ნევროლოგის პასუხებს გთავაზობთ.
ხერხემალი პირობითად შეიძლება ერთგვარ სამოძრაო სეგმენტებად დავყოთ. თითოეული სეგმენტი ორი მეზობელი მალის სხეულს მოიცავს - მალათაშუა დისკს და ორ ფასეტურ სახსარს. მალათაშუა დისკი მალებს შორისაა მოთავსებული. გარშემო კი ფიბროზული რგოლი აკრავს. შიგთავსი თხევადი, ჟელატინისებურია.
სამოძრაო სეგმენტში დისკი ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს – მოძრაობის ელასტიურობას განაპირობებს. თუ რაიმე მიზეზით ფიბროზული რგოლის მთლიანობა დაირღვა, დისკის თხევადი შიგთავსი გარეთ იღვრება. ასე ყალიბდება თიაქარი.
გამომწვევი მიზეზები
მალათაშუა დისკის თიაქარი ყველაზე ხშირად წელის სეგმენტში გვხვდება, შედარებით იშვიათად – კისრის, გაცილებით იშვიათად კი - გულმკერდის სეგმენტში. გამოყოფენ მისი განვითარების სამ ძირითად ფაქტორს: ასაკს, ჭარბ წონასა და ფიზიკურ გადატვირთვას.
დისკის უმეტესი ნაწილი რადგანაც თხევადია. ასაკთან ერთად მისი გაუწყლოება ხდება, შედეგად კი გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება, სკდება, ირღვევა დისკის მთლიანობა. ამას სამოძრაო სეგმენტის შემადგენელი ორივე მალის სხეულისა და ფასეტური სახსრის დეგენერაცია, საბოლოოდ კი იოგებისა და ხერხემლის სვეტის მიმდებარე სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებაც მოჰყვება. ირღვევა სეგმენტის ნორმალური სტრუქტურა და სეგმენტური სპინალური არასტაბილობა ყალიბდება.
ჭარბი წონის დროს ხერხემლის წელის სეგმენტზე ზეწოლა ძლიერდება და იზრდება დისკის თიაქრის ჩამოყალიბების რისკი. არასწორი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სიმძიმის აწევის დროს მალათაშუა დისკის თიაქარი მწვავედ ყალიბდება, ტკივილი ძალზე ინტენსიურია და ზღუდავს მოძრაობას.
სიმპტომები
ხშირად თიაქარს არავითარი სიმპტომი არ ახლავს და მას შემთხვევით რენტგენოგრაფიის დროს გამოავლენენ. მაგრამ თუ თიაქარი მიმდებარე ნერვულ ფესვებს დააწვა, წარმოიშობა შესაბამისი სიმპტომები: ტკივილი წელის არეში, რომელიც ვრცელდება დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე და, შესაძლოა, ტერფზეც. მოძრაობის, ხველისა თუ ცემინების დროს ტკივილი ელვისებურად გაივლის ფეხში. ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად ან მასთან ერთად, დაჭიმულობის შემაწუხებელი შეგრძნებაც იჩენს თავს: დაბუჟება, ფეხში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება. სისუსტე დაზიანებული ფესვის საინერვაციო კუნთებში, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა.
გადაუდებელი დახმარება
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭიროა, როცა: სიმპტომები პროგრესირებს და ზოგადი მდგომარეობა უარესდება. დარღვეულია შარდვა ან დეფეკაცია. დაქვეითებულია მგრძნობელობა უნაგირის ტიპით - ბარძაყის შიგნითა და უკანა ზედაპირებზე, ანალური ხვრელის გარშემო.
დიაგნოზის დასმა
პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხურია დაავადების განვითარების ისტორიის (ანამნეზის) დეტალური შესწავლა და პაციენტის გასინჯვა. საჭიროებისამებრ, ინიშნება რენტგენოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ნერვის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად კი ნეირომიოგრაფია.
მკურნალობა
კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც უმთავრესად ფიზიკური აქტივობის სპეციფიკურ რეჟიმს, ფიზიოთერაპიასა და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებას გულისხმობს, ეფექტურია ათიდან ცხრა შემთხვევაში. უმეტესად სიმპტომები პრაქტიკულად მთლიანად უკუვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ. მედიკამენტებიდან უმთავრესად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგჯერ კი ნარკოტიკული საშუალებები, მიორელაქსანტები.
ნეიროპათიული ტკივილის, ასევე დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნების მოსახსნელად ინიშნება ანტიკონვულსიური (ეპილეფსიის საწინააღმდეგო) ან ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები. ეფექტურია სტეროიდის ინექცია უშუალოდ დაზიანებული ნერვული ფესვის მიმდებარე არეში. განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ფიზიოთერაპიას. აუცილებელია, ექიმთან ერთად შემუშავდეს რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დატვირთვის მართებულ რეჟიმს, ულტრაბგერით თერაპიას, ელექტროთერაპიას და სხვა.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა საჭიროდ მიიჩნევა, თუ დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგაც კი კონსერვატიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო. დისკის ფრაგმენტი გადანაცვლებულია სპინალურ არხში, ახდენს ზეწოლას ნერვულ ფესვზე და შედეგად კუნთოვანი სისუსტე პროგრესირებს. ქრონიკული ტკივილი ართულებს ჩვეულ საქმიანობას, დგომას, ჯდომას და სხვა.
ოპერაციის შემდეგ მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იზღუდება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულია მოძრაობა, გადაადგილება ან ყოველდღიური საქმიანობა. ენდოსკოპიური ოპერაციის შემდეგ პაციენტის აქტივაცია და სოციალური ადაპტაცია გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სტანდარტული ოპერაციის შემდეგ. დისკის თიაქრის და, საზოგადოდ, დისკის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცურვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ძალისმიერი ვარჯიშების მართებულად შესრულება.
ექიმი ია გორგილაძე ატლასსპეციალისტია, რომელსაც ამ პრობლემის სათავედ ადამიანის ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმა მიაჩნია.
"ყველაზე ხშირი დაავადება, რომელსაც საუკუნის დაავადებას ეძახიან, არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ასევე ძალიან ხშირი პრობლემაა დისკოზი და მალთაშორის დისკის თიაქარი.
ხერხემლის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილებია: დაჭიმულობა და ტკივილი კისრის, ზურგის და წელის არეში. ასევე გადაცემითი ტკივილი ზედა და ქვედა კიდურებში... თავის ტკივილების და შაკიკის ერთ-ერთი ძირითადი და ხშირი მიზეზი არის კისრის ოსტეოქონდროზი. ...ხშირია წელის IV-V მალთაშორის დისკის დაზიანება, რაც ხშირად ზედმეტი სიმძიმის აწევით ან ტრავმითაა გამოწვეული" - გვეუბნება ია გორგილაძე.
მისი თქმით, ხერხემლის დაავადებების მკურნალობის სხვადასახვა მეთოდი არსებობს.
"ჩვენთან კლინიკაში ვიყენებთ შვეიცარიულ მეთოდს ატლასპროფილაქსს. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხერხემლის დაავადებების მკურნალობას მიზეზის მოგვარებით ვიწყებთ. რადგანაც ხერხემლის სახსრებში და მალთშორის დისკებში განვითარებული ცვლილებების საწყისი მიზეზი არის ხერხემლის პირველი მალის - ატლასის არასწორი მდებარეობა, რაც შემდგომში იწვევს ხერხემლის სვეტის გამრუდებას, მალთაშორის დისკების, სახსრების დაზიანებას და უუკვე აღნიშნული დაავადებების ჩამოყალიბებას. ამიტომ ხშირ შემთხვვაში მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, თუ არ აღმოიფხვრა საწყისი მიზეზი.
ატლასთერაპიის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში ხდება სიმეტრიის და ბალანსის აღდგენა, შესაბამისად იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, რაც დადებით შედეგს გვაძლევს. საჭიროებისამებრ ინიშნება გამაჯანსაღებელი მასაჟი, ვარჯიში და ბიომარეგულირებელი პრეპარატები".