პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები მსჯელობენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, მისი მოსალოდნელი განვითარების სცენარებსა და შედეგებზე.
ნაწილის თქმით, ანტიპუტინისტურად განწყობილ მოსახლეობაში, რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს მწვავედ აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შესაცვლელად გამოსავალი ერთია - პოლიტიკური ცვლილება.
თუმცა, სხვების თქმით, ეს არ არის მთავარი გამარჯვებისთვის - იმარჯვებს ის, ვინც სამართლიანად იბრძვის, ეს არის უკრაინა, რუსეთის არმია კი, სხვის ტერიტორიასა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.
ივან პრეობრაჟენსკი, რუსი პოლიტოლოგი გამოცემა nv.ua-სთან ამბობს, რომ პირველი ეტაპი იყო ომამდე არსებული ვითარება, მეორე ფაზა კი დაიწყო მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ვლადიმირ პუტინი რუსეთის შიგნით ეროვნულ მოღალატეებზე ალაპარაკდა, რადგან სწორედ მაშინ გაიგო, რა ხდება ფრონტზე და დე-ფაქტოდ აღიარა, რომ კრემლში შედგენილი ომის თავდაპირველი გეგმა ჩავარდა.
"ასეთი გამოთქმებით, მან უკვე დე-ფაქტოდ აღიარა რუსეთის დამარცხება, რასაც მოჰყვა აქამდე წარმოუდგენელი დაკავებები და რეპრესიები მაღალი რანგის პოლიტიკურ ელიტასა და გენერალიტეტში. მესამე ეტაპი დაიწყო 12 აპრილს, როდესაც პუტინმა ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან რუსეთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ის სამხედრო მოქმედებების საქმის კურსშია და ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს. ის ცდილობს ამოძირკვოს ნეონაციზმის ფესვები, რაც მისი მტკიცებით, დასავლეთ უკრაინაში წარმოიშვა...
ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, სადმე იპოვოს ომის დროებითი საზღვარი, სადაც ასევე დროებით გამოაცხადებს გამარჯვებას, იქამდე, ვიდრე რუსეთი ძალებს ხელახლა მოიკრებს... აშკარაა, რომ მას უკვე არ შესწევს უნარი, ძალა და რესურსი თვეების განმავლობაში გაწელოს სამხედრო კონფლიქტი. პუტინს უკვე აქვს რეალური ინფორმაცია თავის არმიაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე - ფრონტზე. ერთი-ორი გაბრძოლების ძალა აქვს, ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება სჭირდება, რათა იქიდან აწარმოოს მოლაპარაკებები.
შესაძლოა, რომ ეს იყოს მარიუპოლი, ყირიმთან დასაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი, ასევე ხერსონიც და იდეალურ ვარიანტში ნიკოლაევიც, რათა ეს ადგილი დნესტრისპირეთში გასასვლელად გამოიყენოს. კრემლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ხარკოვიც. პუტინისთვის ხარკოვი და მარიუპოლი რუსეთის მოღალატე ქალაქები აღმოჩნდა, რადგან აქამდე მყარად სჯეროდა, რომ ისინი რუსეთის მხარეს გადავიდოდნენ, რასაც მას დიდი ალბათობით სპეცსამსახურები შთააგონებდნენ, რადგან მათი მოსაზრებით ამ ქალაქებში რუსი ხალხი ცხოვრობს და თავისიანებად თვლიდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა.
ომი სრულად ჯერ არ გაჩერდება, რაღაც კერები შენარჩუნდება. ამავდროულად, ჩუმად დაიწყება სამხედრო მობილიზაცია, სადაც რუსეთის პრეზიდენტს უკვე გიგანტური კაპიტალი დასჭირდება, რათა შემდგომი ომი დააფინანსოს..." - ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან, თუნდაც ენერგორესურსების გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პუტინს საჭირო თანხის მოგროვება გაუჭირდება, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ თანხის, კერძოდ, არმიის გადაიარაღების საჭირო თანხის მოგროვებაში კერძო ბიზნესის იმედი აქვს, რაც ამ პროცესების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ყოველთვის ამ იდეის წინააღმდეგი იყო. მისი პროცესებში დაბრუნება კი მეტ-ნაკლებად არის გარანტორი, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
"შოიგუ, ჯერ კიდევ პუტინამდე რუსეთში მოქმედ ბიზნესმენებთან მჭიდრო კავშირშია. ამას გარდა, მას საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს, რომლის რეალიზებასაც საკმაოდ კარგად ახერხებს. ამიტომ სამარცხვინო მარცხის შემთხვევაში, თუ პუტინი წავა თვითმკვლელობაზე, შოიგუ ამისთვის არ არის მზად და მას ნამდვილად ჰყოფნის ძალა და გავლენები, არ შეასრულოს ასეთი ბრძანება და იმავდროულად თავისი პოსტი შეინარჩუნოს" - წერს რუსი მიმომხილველი პრეობრაჟენსკი.
კიდევ ერთი რუსი სამხედრო მიმომხილველის, რუსტამ ბიკმეტოვის თქმით, ეგონა, რომ რუსეთის მოსახლეობას მწვავე პროტესტი ექნებოდა იმ აკრძალვებისა და შეზღუდვების გამო, რაც უკრაინის ომს ახლავს, თუმცა შეცდა.
"ალბათ, ხალხს მეტი დრო სჭირდება გამოფხიზლებისთვის, ოღონდ მე ერთის მეშინია, კიდევ უფრო არ შეეგუონ... არ შეეგუონ, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვას იმის შიშით, რომ მოსახლეობის უფრო დიდმა ნაწილმა არ გაიგოს, რომ პუტინის რეჟიმი უკრაინაში მარცხდება, რომ ჩვენი არმია თითქმის ყოველდღე სამხედრო დანაშაულებს ჩადის, იმიტომ, რომ რუსებით დასახლებულ უკრაინული ქალაქებში, სინამდვილეში პუტინის მადიდებლები კი არა, სასტიკი მოწინააღმდეგეები არიან.
აქ, ჩემს გარშემო ვიღაცებს სცხვენიათ, რომ "უძლეველმა" რუსეთის არმიამ რამდენიმე დღეში მთლიანად ვერ აიღო პატარა უკრაინა; იმედგაცრუებული არიან რუსეთის არმიის გენერალიტეტის უსუსურობითა და არაპრაგმატული ნაბიჯებით. რას აჩვენებს 9 მაისს დიდი რუსეთი მსოფლიოს? სად არის მოსალოდნელი გამარჯვება და რიხით საუბარი? მე კი გეტყვით - ამ ომმა აჩვენა, რომ რუსეთს სამარცხვინო არმია ჰყოლია, მოუმზადებელი, გაუწვრთნელი, არამოტივირებული, რომ არაფერი ვთქვათ, ლამის ერთი საუკუნის დროინდელ სამხედრო ტექნიკაზე. თუმცა, პრობლემა სხვა რამეშია - რა გვინდა, საით გვინდა წასვლა, ჩრდილოეთ კორეისკენ? თუ არა, გვაქვს შანსი, ეს შევცვალოთ" - წერს ბიკმეტოვი.