ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა ,"სიცოცხლის" ლიდერის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის აქსანა მარჩენკოს უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი დააყადაღა, - ამის შესახებ გამოძიების სახელმწიფო ბიუროზე დაყრდნობით უკრაინული მედიასაშუალება "უკრინფორმი“ იტყობინება.
"13 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა“, - ნათქვამია სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში.
კერძოდ, სასამართლომ დააყადაღა 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი 17 ავტოსადგომი და იახტა.
ასევე დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელია ვიქტორ მედვედჩუკი ან მისი მეუღლე.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. უკრაინის სასამართლომ მედვედჩუკს შინაპატიმრობა ორი სისხლის სამართლის საქმეზე შეუფარდა - შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის წარმოებისა და დონბასის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა, კერძოდ მათთვის ქვანახშირის მიწოდება.
12 აპრილს ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ მოსკოვს მედვედჩუკის გაცვლა რუსეთში მყოფ უკრაინელ სამხედრო ტყვეებში შესთავაზა.