13 აპრილს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერს "მოსკოვს“ უკრაინული "ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა. "სამხედრო ხომალდი იწვის", - წერდა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“ და იქვე ციტირებდა ჟურნალისტ სერჟ მარკოს მიერ "ფეისბუქში" დაწერილ პოსტს: "კრეისერ "მოსკოვს" ახლახანს მოხვდა "ნეპტუნის“ ორი რაკეტა. ის დგას, იწვის. ზღვაზე კი შტორმია. როგორც ჩანს, ტაქტიკური დატბორვაა საჭირო".
მომხდარი დაადასტურეს ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა.
მედიის ინფორმაციით, კრეისერი "მოსკოვი“ ზუსტად იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.
მოგვიანეით კერისერზე პრობლემები აღიარა რუსულმა მხარემაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერზე "მოსკოვი“ ხანძარი გაჩნდა. სამინისტროს მოკლე შეტყობინებაში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა წუხელ გაავრცელეს, ნათქვამია, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება, რამაც გემი სერიოზულად დაზიანა. მათი მტკიცებით, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
კრეისერის ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 500-დან 750-მდე სამხედრო ირიცხება. ერთ-ერთი ვერსიით, ეკიპაჟის სრული ევაკუაცია შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ზღვაში გემის გამოყენება აღარ შეიძლება და უნდა ჩაძირონ.
სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი“, რომელსაც ჯერ "სლავა“ ერქვა, ექსპლუატაციაში 1983 წლიდან შევიდა, ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს და პროექტ 1164 -"ატლანტის" მთავარ ხომალდს წარმოადგენდა. მისი სიგრძე - 186, 5, სიგანე - 20, 8 და სიმაღლე - 42, 5 მეტრია. მის შეიარაღებას წარმოადგენს რაკეტა "ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.
2019 წელს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი, თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები გამოსცადესო. ამ რაკეტების დანიშნულებაა შორ მანძილზე გაანადგუროს მოწინააღმდეგის სამხედრო საზღვაო ხომალდები. რაკეტა "ნეპტუნის" მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია. მისი აღმოჩენა და განადგურება ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან ის წყლის ზედაპირიდან ძალიან დაბალ სიმაღლეზე (20-30 მეტრი) მიფრინავს.
როგორც ირკვევა, 4 აპრილს უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნმა“ რუსული სამხედრო ხომალდი "ადმირალი ესენიც“ დააზიანა...
"ნეპტუნების“ რაოდენობა შეზღუდულია და ამიტომაც უკრაინელები მათ თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ იმ კრიტიკული მომენტისთვის, თუკი რუსეთი ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმას დაიწყებდა.
თუმცა, რუსული საზღვაო დესანტი ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს და, დიდი ალბათობით, არც შედგება, ამიტომაც უკრაინელებმა დაიწყეს "ნეპტუნების“ "გამეტება“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე რუსული ხომალდებისთვის, მით უმეტეს, რომ ბრიტანელები კიევს "ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას შეჰპირდნენ.
5 მ სიგრძის უკრაინული "ნეპტუნი“ ფრთოსან რაკეტას წარმოადგენს, მისი მასა 870 კგ-ს აღწევს, ხოლო საავიაციო ნავთზე მომუშავე ტურბორეაქტიული ძრავი მას 900 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში.