"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, სადაც რევოლუციური გეგმები დასახეს, თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება.
"ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ" - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, პარტია "ლელო" ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
"პარტია "ლელო" თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა. ეს ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია იყო. შესაბამისად, ამ კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ.
რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროებას - ამაზე ევროკავშირთან გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს, მთავარია როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ შორის, ფრაქციის შიგნით, განხეთქილებაა და დეპუტატების ნაწილს პარლამენტიდან გასვლა უნდა.
"30-კაციანი ფრაქცია აქვთ. დაახლოებით ნახევარს პარლამენტში დარჩენა უნდა, ნახევარს პარლამენტიდან - გასვლა, იმიტომ რომ ეს მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციაა. ასე არის გახლეჩილი ფრაქცია. ბოლომდე ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის, რადიკალებიც, იმიტომ რომ მაშინ დანარჩენი 15-ის პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ და ბუნებრივია, ამისგან თავს იკავებენ.
რომან გოცირიძე იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელსაც პარლამენტის დატოვება არ უნდა, პრივილეგიების შენარჩუნება უნდა. არის სხვა 15 კაცი, რომლებსაც ამის საპირისპირო უნდათ. ამაში რაღაცნაირად თვითონ გაერკვევიან,“ - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას მალევე უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ ბაკურიანში ტრენინგზე შეიკრიბნენ:
ხატია დეკანოიძე: "არ ვიცი, ამას სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუ არა, მაგრამ როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე სახის დაფარული შეხვედრა სასტუმროში ღიად, უამრავ ხალხთან ერთად და ამ ღია შეხვედრაზე რაიმე საიდუმლოებაზე საუბარი. ეს არის იმის ექო, ახლა რომ პრობლემა აქვთ, არ ვიცი, ვისთან აქვთ პრობლემა, რომ უკრაინაში წასვლა დაგეგმილია, მეტი გამოსავალი არ აქვთ და ახლა საუბრობენ გადატრიალებაზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.
დავით კირტიკტაძე: "არასერიოზულია კონტექსტი, აგებულება და ის, რომ ეს თქვა კობახიძემ. სად გინახავთ ტრენინგებზე ღია შეხვედრებზე ასეთი თემების განხილვა, ბაკურიანში სად შეხვდნენ -კოხტაზე თუ გამოქვაბულში, ხუმრობთ? საპროტესტო ტალღას რაც შეეხება, ეს ვერ მოხდება ჩუმად, ეს ხომ უნდა გაცხადდეს. საპროტესტო აქციები, მანიფესტაციები კონსტიტუციით დაცული უფლებაა და "ნაციონალური მოძრაობას“ რა გეგმაც აქვს, ამის შესახებ ვაცნობებთ ხოლმე საზოგადოებას, ამის პრობლემა არ გვაქვს, რაც შეეხება საიდუმლო შეხვედრებს ღიმილისმომგვრელია და არასერიოზული".
ბადრი ჯაფარიძე: "ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით ჩატარებულ "ვორკშოფზე" ბაკურიანში თურმე, ქვეყანაში ამბოხს ვამზადებდით, ამ განცხადების უკან შესაძლოა იყოს ორი მიზეზი, პირველი - ან ჰალუცინაციები აქვს კობახიძეს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს, ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე გამომდინარე პრინციპიდან "გიჟი თავისუფალია".