უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინელმა ქალმა ანა ჰოროდეცკამ ნაქირავები ბინა გადარაზა და ინდოეთში გაფრინდა. თან მხოლოდ რამდენიმე მაისური და ბებიის მიერ ნაჩუქარი ფულით ნაყიდი ყავის აპარატი წაიღო.
ეს აპარატი მისი საქორწინო საჩუქარია. 30 წლის ანას დელის აეროპორტში საქმრო, ანუბჰავ ბჰასინი, 33 წლის ადვოკატი დახვდა, რომელსაც 1 წელზე მეტი ხვდებოდა.
სასიძომ მუხლზე დაიჩოქა და ანას აეროპორტშივე სთხოვა ცოლობა, რაზეც ქალი დათანხმდა და უკვე ოფიციალურადაც დაქორწინდნენ.
2019 წელს, ანა მარტო მოგზაურობდა ინდოეთში და ანუბჰავს ერთ-ერთ ბარში შეხვდა. მათ ნომრები გაცვალეს და სოციალური ქსელის საშუალებით კონტაქტობდნენ. ანამ 2020 წელს მეორედ ჩააკითხა ანუბჰავს ინდოეთში და ტაჯ-მაჰალი ერთად მოინახულეს.
ამ ვიზიტის შემდეგ მათთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ და ვიდეოზარებით განაგრძეს ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ანა უკრაინაში დაბრუნდა. 2021 წელს უკვე ანუბჰავი ეწვია გოგონას კიევში და მათ სამომავლო გეგმებზე ფიქრიც დაიწყეს.
შემდეგ ომი დაიწყო... 24 თებერვალს, ანას აფეთქებების ხმაზე გაეღვიძა და არ სჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. მომდევნო დღე დედასა და ძაღლთან ერთად თავშესაფარში გაიქცა. ომის დაწყებამდე, ანუბჰავი ანას ინდოეთში ჩასვლას სთხოვდა, მაგრამ როცა არეულობა დაიწყო, პირიქით, იქ დარჩენას ურჩევდა:
"სადაც ანა იმყოფებოდა, იქიდან მატარებლების სადგური ძალიან შორს იყო, ქუჩებში ბომბები ცვიოდა და მეშინოდა, რაიმე არ მოსვლოდა. ამიტომ ვუთხარი, ბუნკერში დარჩენილიყო". მაგრამ გოგონამ მომდევნო დღეს ტაქსი იპოვა. დედა და ძაღლი სოფელში გაუშვა მატარებლით, თვითონ კი აეროპორტისკენ გაეშურა.
ანას პოლონეთში 2 კვირა მოუწია ლოდინი, რომ ინდოეთის საელჩოში ანუბჰავს მისი ვიზა მოეწესრიგებინა.
"როცა ჩავფრინდი, დამხვდა - მუსიკით და ბუშტებით", - ჰყვება ანა. აეროპორტში მყოფი ანუბჰავის მეგობრები და უცხო ადამიანები ტაშით შეეგებნენ წყვილის ნიშნობას.
ქალი ამბობს, რომ როცა ომი დამთავრდება, კიევში ჩავა და თავის ძაღლს წამოიყვანს. ისტორიის მთავარი "გმირი" ყავის აპარატია - ასე თვლის წყვილი. როცა ანამ ოჯახის წევრებს ქორწინების ამბავი შეატყობინა, ბებიამ ფული აჩუქა. რახან ანუბჰავს ყავა უყვარს, ანამ გადაწყვიტა, რომ ნაჩუქარი ფულით ყავის აპარატი ეყიდა: "როცა კიევი დავტოვე, ვიფიქრე, რომ აპარატი თან უნდა წამეღო."
წყარო:bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა