ავტორი:

"ბნელეთის პრინცი", პუტინის ნათლიმამა და კრემლის ხმა უკრაინაში - ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი, რა გავლენით სარგებლობს და რა როლი აქვს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრაში

"ბნელეთის პრინცი", პუტინის ნათლიმამა და კრემლის ხმა უკრაინაში - ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი, რა გავლენით სარგებლობს და რა როლი აქვს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრაში

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელი ოლიგარქი, უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტია "სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც პუტინთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და რომელიც თავის პარტიასთან ერთად, კრემლისა და პუტინის მთავარი ხმა იყო უკრაინაში. უკრაინელ ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, ის ამ დროისთვის დაკავებულია.

ადრე მედვედჩუკი კულისებიდან მოქმედებდა და პოლიტიკურ პროცესებს ისე მართავდა, რის გამოც "რუხი კარდინალი" შეარქვეს, ხოლო ახლა უკრაინაში მას "ბნელეთის პრინცს" უწოდებენ.

მედვედჩუკი პუტინთან ყველაზე უფრო დაახლოებული უკრაინელია. რუსეთის პრეზიდენტი მისი შვილის, დარიას ნათლიაა. 2004 წელს, როდესაც გოგონა დაიბადა, მშობლებმა, ვიქტორმა და ოქსანა მარჩენკომ პუტინს მისი მონათვლა სთხოვეს და ისიც დათანხმდა.

ვიქტორ და დარია მედვედჩუკები

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მედვედჩუკმა დარიას ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ პუტინმა ბავშვს ყვავილების თაიგული და დათუნია აჩუქა, როდესაც პუტინი მედვედჩუკებს ყირიმის ვილაში ესტუმრა.

  • "ჩვენი ურთიერთობა 20 წელზე მეტია ვითარდება. არ მინდა ვთქვა, რომ ვიყენებ პუტინთან ურთიერთობას, მაგრამ ეს ჩემი პოლიტიკური არსენალის ნაწილი იყო,“ - ამბობდა მედვედჩუკი წლების წინ გამოცემა Time-თან ინტერვიუში და დასძენდა, რომ მხოლოდ თვითონ შეეძლო რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზება.

გასული წლის განმავლობაში მედვედჩუკის პარტია უკრაინის მთავრობის სამიზნე გახდა. ის 2021 წლის მაისში ღალატში დაადანაშაულეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 2022 წლის იანვარში კი შეერთებული შტატების დაზვერვა აცხადებდა, რომ მედვედჩუკი თავის მოკავშირეებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

2020 წელი, მოსკოვი - მედვედჩუკისა და პუტინის შეხვედრის ამსახველი ფოტო

ვლადიმერ პუტინი გასული შვიდი წლის განმავლობაში იყენებდა ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რომ არ დაეკარგა გავლენა უკრაინაზე, მათ შორის პირდაპირ შეჭრას, რადგანაც ამჩნევდა უკრაინელი ხალხის სულ უფრო მზარდ სწრაფვას დასავლეთისკენ. უკრაინაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პუტინისთვის მედვედჩუკი და მისი პოლიტიკური პარტია იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ პუტინის მეგობრის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღო - პუტინისთვის ეს უკრაინაში კრემლის ხმის დახშობას ნიშნავდა.

2021 წლის თებერვალში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის მთავრობამ პუტინის მოკავშირის მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა. ხელისუფლებამ მოქმედება დაიწყო მედვედჩუკის ტელეარხების ეთერიდან გათიშვით და ამით რუსეთს პროპაგანდისტული საშუალებები ჩამოართვა.

მედვედჩუკის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მუშაობდნენ ზელენსკის ხელისუფლების დასუსტებაზე. განსაკუთრებით დაუნდობლები იყვნენ პანდემიის პერიოდში და ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ პანდემიის შეუსაბამოდ მართვაში, ამბობდნენ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მოსახლეობის უზრუნველყოფა ვაქცინებით.

ამის პარალელურად კი, როდესაც რუსეთმა საკუთარი ვაქცინა გამოუშვა, მედვედჩუკი, მისი ცოლი და ქალიშვილი დარია პირველები იყვნენ, რომლებმაც ეს ვაქცინა მიიღეს. შემდეგ კი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ეს იყო პირველი საჯარო შეხვედრა, რომელიც რუსეთის ლიდერს პირბადისა და დისტანციის გარეშე ვინმესთან ჰქონდა. იმავე დღეს მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთი უკრაინას თავისი ვაქცინების მილიონობით დოზას მიაწვდიდა.

მედვედჩუკი რუსეთის მმართველი ძალის გვერდით "ფორმულა 1"-ს ადევნებს თვალს

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 2021 წლის 19 თებერვალს, უკრაინამ გამოაცხადა, რომ ჩამოართვა მედვედჩუკის ოჯახს აქტივები. მედიის ცნობით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი ევროპაში გადიოდა და რომელიც მედვედჩუკსა და მის ოჯახს ამდიდრებდა. ის კი ამ ფულით არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდა, არამედ, როგორც უკრაინის შესაბამისი სამსახურები აცხადებდნენ, დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებსაც აფინანსებდა.

  • რუსეთის პასუხმაც არ დააყოვნა, 21 თებერვალს, დილის შვიდ საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა უკრაინის საზღვართან 3 000 მედესანტის განლაგების შესახებ. ეს ჯარისკაცები პირველები იყვნენ და შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა და 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეადგინა.

როდესაც მედვედჩუკს შინაპატიმრობა მიესაჯა, რუსეთის ლიდერმა თავის მარიონეტზე შეტევას "პოლიტიკური ველის აბსოლუტური და აშკარა წმენდა“ უწოდა, რომელიც უკრაინას "ანტირუსულ სახელმწიფოდ გადაქცევას" უქადდა.

უკრაინაში მას "ბნელეთის პრინცს" უწოდებენ

მედვედჩუკი მუდმივად უარყოფდა, რომ მისი პოლიტიკური პარტია პრორუსულია, მიუხედავად ღია კავშირისა მოსკოვთან, პრორუსული პროპაგანდისა და პროპუტინისტური განცხადებებისა. ითვლებოდა, რომ მედვედჩუკი კრემლის მთავარი არჩევანი იყო ზელენსკის შემცვლელად.

  • ორი "დიდი მეგობარი"

პუტინისა და მედვედჩუკის მეგობრობა 2003 წლიდან დაიწყო. მალევე აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი მოსაზრებები ჰქონდათ, თუმცა იყო თემები, რომლებსაც განსხვავებულად უყურებდნენ.

"პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ, უკრაინელები და რუსები ერთი ერი ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არა ერთი ერი, არამედ ორი სლავური ერი ვართ გადაჯაჭვული ისტორიით და რელიგიით. მე მას ამას ყოველთვის ვეუბნები“, - ამბობდა მედვედჩუკი. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ დაახლოვებულიყვნენ.

Washington Post-ის ცნობით, მედვედჩუკი პუტინს ხშირად სტუმრობდა მოსკოვსა და სოჭში, ასევე ისინი ერთად ესწრებოდნენ "ფორმულა 1"-ის რბოლებსა და სამბოს საბრძოლო ტურნირებს.

მედვედჩუკმა გამოცემა "ინდეფენდენთს“ განუცხადა, რომ დანაშაული იქნება, არ გამოიყენოს პუტინთან ახლო ურთიერთობა უკრაინის პოლიტიკაში და ორი ქვეყნის ურთიერთობაში. პუტინიც და მედვედჩუკიც შეპყრობილნი არიან იდეით, რომ დასავლეთი მათ ქვეყნებს განადგურებით ემუქრება.

2021 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" მისი ქონება 620-მილიონ დოლარად შეაფასა.

მედვედჩუკის იახტა ხორვატიაში

  • გაქცევა და დაკავება - "ბორკილები ელოდება ყველა მოღალატეს"

თებერვლის ბოლოს, რუსეთის ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. მისმა ადვოკატმა "როიტერსს“ უთხრა, რომ მედვედჩუკი იძულებული გახდა დაეტოვებინა ადგილი, კონფლიქტის ფონზე "ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის გამო."

12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას მას უკრაინის ჯარისკაცის ფორმა ეცვა.

"შეიძლება იყო პრორუსი პოლიტიკოსი და წლების განმავლობაში იმუშაო აგრესორი სახელმწიფოსთვის. შესაძლოა, სამართალდამცველებს ემალებოდე და შენიღბისთვის შეიძლება უკრაინული სამხედრო ფორმაც კი ჩაიცვა, მაგრამ ეს დაგეხმარება სასჯელისგან თავის დაღწევაში?! სულაც არა! ბორკილები ელოდება უკრაინის ყველა შენნაირ მოღალატეს", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მედვედჩუკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი პუტინს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. მან ცინიკურად მოიხსენია ის, რომ მედვედჩუკმა გასაქცევად "სამხედრო კამუფლაჟის“ გამოყენება სცადა.

ზელენსკის თქმით, რადგან მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, საომარი მდგომარეობის წესები მასზეც ვრცელდება. მან რუსეთს "მათი ბიჭის“ უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. "თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.