აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარებაცაა მიმოხილული.
გთავაზობთ აღნიშნული ანგარიშიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.
საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნების ორი ტური 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანი იყო და, მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარი საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
"ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ ოქტომბერში ორ ტურად ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნა. პირველი ტურის წინასწარი შეფასებით, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ "კონკურენტებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია კონკურენტულ გარემოში, თუმცა, ის "დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანაბარმა საასპარეზო პირობებმა.
მეორე ტურის წინასწარი შეფასებით, დამკვირვებლებმა განაცხადეს: "კანდიდატებს ძირითადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ ბრალდებები ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის შესახებ გაგრძელდა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა, ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ სარგებელი მოუტანა მმართველ პარტიას და დააზიანა საასპარეზო პირობები,“- აღნიშნულია ანგარიშში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამინისტრო არის პირველადი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მოიცავს ეროვნულ პოლიციას, სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს და საქართველოს სანაპირო დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შიდა სადაზვერვო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია კონტრდაზვერვაზე, კონტრტერორისტულ და ანტიკორუფციულ ძალისხმევაზე.
იყო მინიშნებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლება შიდა უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს ზოგჯერ ვერ ახორციელებდა. არსებობდა სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ უშიშროების ძალების წევრებმა, სავარაუდოდ, გარკვეული დარღვევები ჩაიდინეს“- აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა, - ნათქვამია ანგარიშში.
"ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
რას წერია ანგარიშში TV Pirveli-ს ოპერატორ, ლექსო ლაშქარავაზე?
11 ივლისს TV Pirveli-ს ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, - აღნიშნულია ანგარიშში.
"ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ 70-ზე მეტმა მედია ორგანიზაციამ 11 ივლისს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ ქვეყანაში "მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევებმა“ "კრიტიკულ დონეს მიაღწია“. განცხადება აკრიტიკებდა ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის გამო, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის არასაკმარისად გამოძიების გამო, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის, როდესაც დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, ასევე აკრიტიკებდა მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელმაც, განცხადების თანახმად, ამგვარი ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა. 30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა/საქართველომ“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება გახდა "უკიდურესად საშიში“ და რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან, რასაც ამწვავებდა ხელისუფლების წარმომადგენლების "აგრესიული რიტორიკა“ და ძალადობრივი ინციდენტების არაადეკვატური გამოძიება,“- აღნიშნულია ანგარიშში.
1-ელ ოქტომბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააკავეს სხვადასხვა ბრალდებისა დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გამო. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გაცემას,- ნათქვამია ანგარიშში.
"11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (სპს) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანისას, შიმშილობის პროტესტის შემდეგ.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, "2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გაავრცელა რა ვიდეომასალა, სადაც ჩანს მიხეილ სააკაშვილის მოთავსება N18 სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უწყებისთვის გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები არ მიუწოდებია, მაგრამ ის საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს (სააკაშვილს) შეუზღუდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, რაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან სააკაშვილს არ მიეცა სასამართლოში გამოსვლის უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ“.
19 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
30 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა "ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. მის ნაცვლად დაიგეგმა ორი ცალკეული უწყების შექმნა, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს.
რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და სამივე მოსმენის ერთ კვირაზე ნაკლები დროის პერიოდში ჩატარებით, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე.