ავტორი:

სალავიოვმა ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციის მცდელობისას წულუკიანის განცხადება დაიმოწმა - რას წერს კრემლის პროპაგანდისტი?

სალავიოვმა ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციის მცდელობისას წულუკიანის განცხადება დაიმოწმა - რას წერს კრემლის პროპაგანდისტი?

კრემლის პროპაგანდისტი, პუტინისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სალავიოვი, საკუთარ "ტელეგრამარხზე" უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს და მათ კრიმინალობას აბრალებს, ამის დამადასტურებლად კი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 5 აპრილის განცხადება მოჰყავს.

"უკრაინაში საომარ მოქმედებებში ამჟამად ათასზე მეტი ქართველი მებრძოლი მონაწილეობს. ეს ქართველები არიან არა მხოლოდ ყველაზე მრავალრიცხოვანი, არამედ ყველაზე არაადამიანური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ყოველგვარი საერთაშორისო შეთანხმების და ადამიანური პრინციპების დარღვევით სიკვდილით სჯის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. როგორც ეს მოხდა კიევის ოლქში, სადაც მათ რუს მედესანტეებს ყელი გამოჭრეს, შემდეგ კი თავში ესროლეს.

ქართველი ლეგიონერების რიცხვი იმდენია, რომ ისინი იწყებენ ახალი შენაერთების შექმნას - მაგალითად, "საბრძოლო ფრთა", რომელიც "კარპატების სიჩის" ბატალიონის ბაზაზეა დაფუძნებული. ამ დაქირავებულ პირებს საქართველოს ხელისუფლებაც კრიმინალად მიიჩნევს. მაგალითად, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უკრაინა იქცა "ქართველი კრიმინალების ნაკრძალად".

  • კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა 5 აპრილს, უკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარების საკითხს, ასე უპასუხა:

"მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა, ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ, სამწუხაროდ, უკრაინა, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს. ითანამშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი".

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს კომოს ტბაზე, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალოვიოვის ვილის დაწვა სცადეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდარს კარაბინიერები იძიებენ. მანამდე სალავიოვს ეს ვილა, 2 სხვასთან ერთად, სანქციების ფარგლებში დაუყადაღეს.