დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მოქალაქეების ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება.
"დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა, რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს. ამის შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს თუ რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინი არის რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების და ფარმაცევტების მხრიდან არსებობს, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა, იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი. ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არა ერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა 300-400 ლარი თვეში, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული - 60,70,80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც ძალიან კეთილი საქმეა.
რეცეპტების გენერიკებით გამოწერა მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით - ქაღალდზე აღარ გაიცემა.
ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი პრეპარატების გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. მისივე განმარტებით, ამ ცვლილებით ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი მოხმარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
"რამდენიმე თვის წინ, ბატონ მინისტრს დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად, ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს და უამრავ სხვა უბედურებას, რომელიც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. ამიტომ, დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით ქაღალდზე აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როცა ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, დაღუპვაა, ადამიანები ისე მოიხმარენ ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, ეს იწვევს სავალალო შედეგებს.
საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესები მოქმედებს, წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა, მატერიალური ფორმის რეცეპტით გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი, როგორც მედიკამენტების გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ასევე რეცეპტის გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება, მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე, მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და რაც მთავარია, კონტროლი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სრულ პროცესზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.