ავტორი:

"მის გვერდით იბრძვის ძმაც, გუშინაც ერთად იყვნენ დავალებაზე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი

"მის გვერდით იბრძვის ძმაც, გუშინაც ერთად იყვნენ დავალებაზე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი

უკრაინაში მყოფი ქართველები ხარკოვის ოლქთან, იზიუმთან დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი არ იყვნენ მოხალისეები. როგორც ცნობილია, ორივე გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე იყო და 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში. თანამებრძოლების ცნობით, ერთ-ერთი ნაღმზე აფეთქდა.

როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ერთ ერთი გარდაცვლილი ნიკა შანავაა, რომელიც უკრაინაში ძმასთან ერთად იბრძოდა:

"ნიკა შანავა, უკრაინაში, იზიუმთან დაღუპული კიდევ ერთი ქართველი. მის გვერდით იბრძვის ძმაც, გუშინაც ერთად იყვნენ დავალებაზე. მამა - რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთის მონაწილეა. დიდება და მადლობა გმირების ოჯახს!" - წერს ბერულავა.

ომშ დაღუპულ ქართველებზე საუბრობს დაჭრილი ქართველი მეომარიც:

"ორი გმირი ბიჭი დაგვეღუპა, კონტაქტური ცეცხლი გვქონდა, მაგ ცეცხლს რომ ვერ დაუძვრნენ, კოორდინატები მისცეს და დაგვბომბეს. არიან დაჭრილები, ზოგს კანტუზია აქვს მიღებული", - ამბობს ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი.

ცნობისთვის, მეორე გარდაცვლილი დავით მენაბდიშვილია, რომელიც ადრე სპეცრაზმელი იყო.

"ძალიან მძიმეა ყოველი დღე... დავით ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. ის იყო საქართველოს პატრიოტი, მას ჰქონდა დიდი საბრძოლო გამოცდილება. დავითი და მე არაერთ ოპერაციაში ვიღებდით მონაწილეობას. ის ერთ-ერთ საიმედო მეწყვილე იყო. ის იყო ყოველთვის დიდი იმედი ჩვენთვის. დავითი 2014 წლიდან 2018 წლამდე იყო უკრაინაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. როგორც კი ომი დაიწყო დავითი უკვე ჩაერთო ოპერაციებში" - ამბობს დაღუპულის თანამებრძოლი და მეგობარი "ტვ პირველთან" საუბრისას.