რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ საგამოძიებო დეპარტამენტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაავალა, ბრალდებით: ომის წესების დარღვევა.
"არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლმა "ქართული ლეგიონის" წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. გარდა ამისა, მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა იმის თაობაზრ, რომ აპირებს განაგრძოს რუსი სამხედრო მოსამსახურეების და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ოპერატიული ბრიგადის წარმომადგენლების წამება და მკვლელობა", - ვკითხულობთ საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაში.
კომიტეტის მტკიცებით, ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დებულებებს, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ:
"ამასთან დაკავშირებით გამომძიებლებს დაევალათ, დაადგინონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გარემოებები და დააკისრონ ყველა მონაწილეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა". წყარო
"იდიოტების ქვეყანა" , - დაწერა მამუკა მამულაშვილმა ამის თაობაზე სოციალურ ქსელში.
საქმე შეეხება 4 აპრილს რუსული ტელეგრამარხებით გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს ტყვე რუსი ჯარისკაცები, რომელსაც უკრაინული მხარის წარმომადგენლები ესვრიან. სამი მათგანი მიწაზე უმოძრაოდაა, მაგრამ ერთი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მძიმედაა დაშავებული. არსებული ინფორმაციით, ვიდეოში ქართველი მებრძოლები ფიგურირებენ.
ამ ვიდეოს თაობაზე მამუკა მამულაშვილმა ისაუბრა ემიგრაციაში მცხოვრები ყოფილი ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის ონლაინპლატფორმა "ხადარკოვსკი LIVE“-ზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, "რუს ჯარისკაცებს ხელები ჰქონდათ შეკრული, ანუ უკრაინულ მხარეს ჰქონდა არჩევანი ან მოეკლათ ისინი, ან დაეტოვებინათ ტყვეობაში“, მამულაშვილი პასუხობს: "იცით, 3 თვის განმავლობაში მე თავად ვიყავი რუსულ ტყვეობაში და ვნახე, როგორ კლავენ ხელებშეკრულ ქალებსა და ბავშვებს. ასე რომ, თქვენ ფიქრობთ, რომ ტოლერანტულად უნდა მოვეპყროთ იმ რუს სამხედროებს, რომლებიც ამას აკეთებენ?“
მან ასევე განაცხადა, - ჩვენ რუს ჯარისკაცებს ტყვედ არ ავიყვანთო.
"ჩვენ რუს ჯარისკაცებს ტყვედ არავითარ შემთხვევაში არ ავიყვანთ, ისევე როგორც "კადიროველებს". ტყვედ არავინ ჩავარდება", - განაცხადა მან. წყარო
სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებას გულისხმობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
მოგვიანებით საკუთარი ნათქვამი მამუკა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ასე განმარტა:
„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ, "ქართული ლეგიონი“, ყველა ტყვეს გადავცემთ უკრაინულ მხარეს. რომ იგულისხმებოდეს ჩემს ნათქვამში, რომ ვიღაცას ვკლავთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვხვრეტთ. უბრალოდ ინტერვიუს დროს ამოიგლიჯა მთელი კონტექსტი და ამის შესახებ ჟურნალისტს მივწერე კიდეც. მე ინტერვიუში აღარ დავაკონკრეტე, რომ ჩვენ არ აგვყავს ტყვეები და მათ პირდაპირ გადავცემთ უკრაინულ მხარეს. ჩვენ ტყვეებს ვამისამართებთ უკრაინულ მხარესთან. მათ შეეძლოთ ეკითხათ, რას ვუშვრებით ტყვეებს, მაგრამ ეს კითხვა აღარ დამისვეს". წყარო
იხილეთ ასევე: