დეკანოზი შალვა კეკელია დღევანდელი ქადაგებისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნონა მამულაშვილსა და უფლებადამცველ დავით ლორიას შორის პირდაპირ ეთერში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. მან საეკლესიო ლიტერატურიდან მაგალითად მოიყვანა მეოცე საუკუნის ქადაგება ქალების შესახებ.
"ქალს შეუძლია მთელი არსებით იცხოვროს სხვისთვისო. მთელი ცხოვრება მიუძღვნას საკუთარი თავი შვილებს, მიუძღვნას მეუღლეს, მშობლებს, ყველას, აი, ქალს ასეთი საოცარი თვისება აქვსო. ამაზე ძვირფასი თვისება რა არისო, მაგრამ სამწუხაროდო, ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისში ნათქვამი, ქალების ბუნება ძალიან შეიცვალაო. ქალებმა კაცებივით საქციელი დაიწყესო, ქალები ბილწსიტყვაობენო, უტიფრები გახდნენო. ზოგი იცით როგორი უხეშიაო? ქადაგებას რომ ვკითხულობდი, გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ჩამიგდეს, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ქალმა ჭიქა ესროლა კაცს, მერე ეს ქალი წამოხტა და გაიწია ხელის გასარტყამად. ქადაგებას რომ ვკითხულობდი, ეს დამიდგა თვალწინ. წაგაძრობ თავსო და ხელს ურტყამდა კაცს... რატომ გიყვებით ახლა ამას, სადამდე შეიძლება დაეცეს ქალი... დედა ღვთისმშობელი, რომელსაც ანგელოზი გამოეცხადა და აუწყებს ამ საოცარ უწყებას, ღვთისმშობელი იწყებს გამორკვევას, ის თვლის, რომ ამის ღირსი არ არის, მას ანგელოზი როგორ უნდა გამოეცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზი მუდამ ეცხადებოდა ბავშვობიდან, მას ანგელოზები ზრდიდნენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც სიფრთხილით უყურებს ამას, მაინც გამოიძიებს ამას და ანგელოზი ეუბნება: ნუ, გეშინია, ნუ გეშინია შენ გამოგარჩია ღმერთმა, შენ ეს საოცარი მადლი უნდა მიიღოო. ასე წერია ღვთისმშობელზე, რომ ის იმას კი არ ნატრობდა, რომ მე გავხდე დედა ღვთისმშობელიო, ნატრობდა, იმის მსახურად მაქცია, ვისაც ამხელა მადლი ექნება, მას მოვუარო, საჭმელი გავუმზადო, ფეხები დავბანო, ამის საშუალება მომეციო, ღმერთს სთხოვდა. ზუსტად ამიტომ გახდა დედა ღვთისმშობელი, რომ ასეთი აზროვნება ჰქონდა. აბა, მას რომ ჰქონოდა ისეთი აზროვნება, მე უნდა გავხდე დედა ღვთისმშობელი, მაცხოვარი ჩემგან უნდა დაიბადოსო, მისნაირი ადამიანისგან არ დაიბადებოდა მაცხოვარი." - განაცხადა დეკანოზმა.
ცნობისთვის, "ჯორჯინ თაიმსის" ეთერში მამულაშვილსა და ლორიას შორის დაპირისპირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას დაიწყო.
დეპუტატის გაღიზიანება ლორიას განცხადებებმა გამოიწვია.
"არ უნდა აომოთ იქ ხალხი, არ უნდა მიიყვანოთ იქამდე... შენ ხარ უსინდისო ადამიანი და ქუჩის ქალი" - აღნიშნა ლორიამ, რის შემდეგაც მას ნონა მამულაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მომხდარის შემდეგ "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ლორიამ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა, რის გამოც თავის შეკავება ვერ შეძლო.
ასევე იხილეთ: