ავტორი:

"დღეს ეს მინისტრი იბრძვის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ" - რას წერს იტალიური გამოცემა ირაკლი ოქრუაშვილზე?

"დღეს ეს მინისტრი იბრძვის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ" - რას წერს იტალიური გამოცემა ირაკლი ოქრუაშვილზე?

იტალიურ გამოცემაში გამოქვეყნდა იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, ნათია ზაზაშვილის სტატია, რომელშიც საუბარია რუსეთ-უკრაინის ომში ქართველების მონაწილეობაზე, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე.

"რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ირაკლი ოქრუაშვილი ტოვებს თავის საქმიანობას საქართველოში და თავის მებრძოლ მეგობრებთან ერთად, უკრაინაში მიემგზავრება რუსი ფაშისტების წინააღმდეგ საბრძოლველად. "დღეს ჩვენი უკრაინაში ყოფნა მეტად მნიშვნელოვანია. თუნდაც მხოლოდ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მხოლოდ მათი თანადგომისთვის, იმისთვის რომ იგრძნონ, რომ არ არიან მარტოდ დარჩენილნი რუსი კრიმინალების წინააღმდეგ, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის მონაყოლი, რომელიც ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობისას მსახურობდა.

"კონფლიქტის ზონაში, საგუშაგოზე ყოფნისას, ერთხელაც მოვიდა და გამომიცხადა, - მე შეგცვლი, წადი, ცოტა ხანს დაისვენეო... ჯერ ვერ მივხვდი ხუმრობდა თუ სერიოზულად მეუბნებიდა. მერე ხმას აუწია: - რა არის არ მანდობ შენს იარაღს? წადი, დაისვენეო!" - იხსენებს ჯარისკაცი. სტატიაში ასევე მოთხრობილია კიდევ რამდენიმე ისტორია, რაც თავდაცვის ექსმინისტრს უკავშირდება.

"ქართველი ჯარისკაცები სიამაყით ჰყვებოდნენ მინისტრ ოქრუაშვილთან გატარებულ მომენტებს, როგორც ლამაზ თავგადასავალს... დღეს ეს მინისტრი იბრძვის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომზე ირაკლი ოქრუაშვილის ციტატით სრულდება:

"ეს არ არის მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ომი. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. რაც ვნახე ისაა, რომ რუს ჯარისკაცებს ეტყობათ ელემენტარული სამხედრო წვრთნებიც არ აქვთ გავლილი. აღარ არის საუბარი ტაქტიკაზე. მათ აქვთ ტექნიკა, იარაღი და არიან ჩვეულებრივად ბოროტები, მკვლელები, ჰუმანიზმის მიმართ დიდი სიძულვილით გაზრდილები. იმ დღეს დაწვეს შენობა, სადაც განთავსებული ჰყავდათ მიუსაფარი მოხუცები. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ იქ მხოლოდ უძლური მოხუცები იყვნენ დარჩენილნი და სპეციალურად შემოტრიალდნენ მის დასაბომბად. ახლა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ რუსები სიძულვილით არ არიან გაჟღენთილები ზოგადად კაცობრიობის მიმართ?!"

იხილეთ ასევე: