გერმანიამ რუსი სამხედროების რადიო შეტყობინებები მოიპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღიარებდნენ, რომ მათ ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედიასაშუალება Der Spiegel ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ ეს მიგნებები ოთხშაბათს პარლამენტში წარადგინა. ერთ შეტყობინებაში ჯარისკაცი ველოსიპედით მოსიარულე მოქალაქის მიმართ სროლას განიხილავს.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მანამდე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ხელთ ჩაიგდეს აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რუსმა სამხედრო მეთაურმა, თავის ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სროლა უბრძანა.
გარდა ამისა, კიევის მიერ მოპოვებული რადიო საუბრების თანახმად, "რუსი სამხედროები წუწუნებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ რიცხოვნობით გადააჭარბეს".
აღნიშნული ინციდენტი, არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.