თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო! - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის თანახმადაც, "თუ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ, ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება”.
როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მისი გამონათქვამი ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს დაუკავშირეს.
"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.
თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!
თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“,- აცხადებს ოხანაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ანრი ოხანაშვილმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: "თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება, რაც არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს“. მისივე თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ მათ გარშემო ეს ხალხია".