ავტორი:

ლენდ-ლიზი რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინის დახმარება შეუზღუდავად: რას გულისხმობს ამერიკული პროგრამა, რომლის დახმარებითაც ფაშიზმზე გამარჯვება მოხერხდა?

ლენდ-ლიზი რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინის დახმარება შეუზღუდავად: რას გულისხმობს ამერიკული პროგრამა, რომლის დახმარებითაც ფაშიზმზე გამარჯვება მოხერხდა?

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის დასამარცხებლად იღებს ისეთ ზომებს, როგორიც ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო და რომელმაც ცივილურ სამყაროს ჰიტლერსა და ფაშიზმზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

სენატმა ერთხმად დაამტკიცა უკრაინის დასახმარებლად და პუტინის დასამარცხებლად ისეთი კანონპროექტი, რომელიც 1941 წელს დამტკიცებული "ლენდ ლიზის" მსგავსია.

1941 წელი - რუზველტი ხელს აწერს ლენდ ლიზის ამოქმედებას

კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს გაუგზავნოს უკრაინას იარაღი შეუზღუდავად, ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე.

როგორც გამოცემა "პოლიტიკო" წერს, თანამედროვე ეპოქის ლენდ-ლიზის პროგრამას სენატორებმა მხარი დაუჭირეს, რადგანაც უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ჯარს, რომელიც თებერვლის ბოლოდან უკრაინაში ომს აწარმოებს.

  • მეორე მსოფლიო ომის დროს პროგრამა ლენდ ლიზი განიხილებოდა როგორც თამაშის შემცვლელი, კონფლიქტში გარდატეხის შემტანი, რადგანაც ის აშშ-ს მოკავშირეებისთვის შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე იარაღისა და სხვა მარაგის მიწოდების შესაძლებლობას აძლევდა.

"პოლიტიკოს" სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ლენდ-ლიზის, ანუ იმ პროგრამის ახლა ამუშავება, რომელიც მეოცე საუკუნის ყველაზე გლობალური კონფლიქტის დროს გამოიყენეს, იმის მანიშნებელიცაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ევროპაში სჯერათ, რუსეთის შეჭრა წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიბერალური წესრიგისთვის.

ასევე, ეს იმის ინდიკატორია, რომ დასავლურ სამყაროში მიაჩნიათ, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში.

სენატორი ჩაკ შუმერი, რომელმაც რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა

აშშ-ი უკრაინას აქამდეც ეხმარებოდა, თუმცა იარაღის მიწოდებას და მომარაგებას ახლა უფრო ეფექტიანად შეძლებს. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო დღეებში მას შემდეგ, რაც გამოჩნდა რუსული ძალის უკრაინაში მოქმედების უსასტიკესი შედეგი. ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ, ჰქონდეთ სწრაფი რეაგირება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან გასულ შაბათს გავრცელდა საშინელი კადრები, სადაც აღბეჭდილი იყო ქუჩაში დაყრილი გარდაცვლილი ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეები, ამან კი აიძულა დასავლეთი, რომ უფრო მწვავე განცხადებები გაეკეთებინათ რუსეთის წინააღმდეგ, გადაედგათ ახალი ნაბიჯები რუსული სისასტიკის შესაჩერებლად და უფრო მწვავე ტერმინები გამოეყენებინათ შეფასებების დროს. ისინი არ ერიდებიან სამხედრო დანაშაულის ხსენებას.

სენატორმა ჩაკ შუმერმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა.

  • "როდესაც კლავ ადამიანებს, უდანაშაულო სამოქალაქო პირებს იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი, თავიანთი რელიგიური კუთვნილების, რასის, ან ეროვნების გამო, ეს გენოციდია და ამაში დამნაშავე ბატონი პუტინია“, - აცხადებს შუმერი.

ლენდ-ლიზის ამოქმედება დააჩქარებს კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას უკრაინელებისთვის.

"რადგან უკრაინაში ომი ვითარდება, სამხედრო დახმარების სწრაფად მიწოდება გადამწყვეტია, რათა დაიცვას ქვეყანამ თავი პუტინის შეტევებისგან", - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა კანონმდებლობას.

  • რა არის ლენდ-ლიზი და როგორ გამოიყენეს ის მეორე მსოფლიო ომის დროს?

ლენდ-ლიზი, ერთგვარი გასესხება, გაცემა - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით მეორე მსოფლიო ომის დროს.

1943 წელი, ინდოეთი, ლენდ ლიზის პროგრამის შედეგი და ქვეყანაში ჩატანილი ტექნიკა

სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.

მიიჩნევა, რომ ეს იყო პროგრამა, რომელმაც მაშინ მოკავშირე ქვეყნებს ნაციზმზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

  • საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და პროგრამის მნიშვნელობაზე წერს:

"ლენდ-ლიზი უკრაინისთვის!!! ამერიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისთვის იარაღის შეუზუღდავი მიწოდების უფლებას აძლევს!!! სწორედ ამერიკული ლენდ-ლიზის წყალობით დაამარცხა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა მოკავშირეების დახმარებით გერმანია. ლენდ-ლიზი უკრაინისთვის - ეს უკრაინის გამარჯვების და რუსეთის მარცხის საწინდარია”, - წერს ლაგაზიძე.