3 აპრილს, კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ბუჩა უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ადგილზე შესულ სამხედროებს, ქალაქის ქუჩებში სრული ჯოჯოხეთი დახვდათ. მართალია, რუსებმა ამ დროისთვის, ქალაქი უკვე დატოვეს, თუმცა დატოვებამდე მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩაში დახვრიტეს. მედიაში ქალაქის ქუჩებიდან შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, 300-ზე მეტი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი მხოლოდ ქალაქ ბუჩაში ნახეს...
უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბუჩაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე წერს:
"ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები ადამიანებზე, ფასეულობებზე და საერთოდ სამყაროზე. დარდი ისედაც არ მაკლდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წვრილმანებში ბედნიერების ძებნის ინსტიქტი.
ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ და უფრო გულჩვილი სუსტის და დაჩაგრულის დანახვაზე... ბუჩაში რაც ხდება (ალბათ სხვაგან უფრო უარესი) ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე, სიკეთე, სინათლე რომ დააფასოთ უფრო მეტად... მაგრამ სჯობს არ ნახოთ".
მოგვიანებით ოქრუაშვილმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა.
"ვერ გავაგებინე ამ უკრაინელებს, 600 კილომეტრი ხერსონამდე რომ არ ვიაროთ, ბარემ აქვე ვართ და მინსკს შევუტიოთ-მეთქი..." - წერს ოქრუაშვილი.
კომენტარებში სტატუსის შინაარსი ასე განმარტა: "არადა, ისეთი ლოდი მადევს გულზე მეორე დღეა, ძლივს დავწერე სახალისო პოსტი".