ავტორი:

"ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია" - რას ამბობს პარლამენტის თამჯდომარე ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით?

"ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია" - რას ამბობს პარლამენტის თამჯდომარე ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით?

ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია - ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს საკითხებით მანიპულაციის მცდელობას, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხი პარტია “ლელოს“ ინიციატივაზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.

პაპუაშვილის იმასაც ამბობს, რომ ასეთი ინიციატივების ავტორი “ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც საქართველო არ აინტერესებს.

“სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ყოველი დღე გლოვის დღეა - იქნება თუ არა ცალკე გამორჩეული დღე. ჩვენ პარლამენტში უკრაინაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი არაერთხელ მივაგეთ. საკითხის ისე წარმოჩენის სურვილი აქვთ, თითქოს საქართველო მხრიდან ემპათია და თანადგომა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არის იმისთვის, რომ საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლონ, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა ჯგუფები იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების ასეთი რისკებია, საკუთარ ხელისუფლებას ებრძვიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ძნელია მოძებნო სიტყვა, რომელიც იმ ემოციას აღწერს, რაც ყველა ადამიანს ბუჩასა და სხვა ქალაქების სურათების ნახვის დროს ეუფლება.

“სწორედ ამიტომ საქართველო ავტორია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვისა, რომ ომის დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული. ახლა მნიშვნელოვანია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზები ადგილზე ჩავიდნენ, ეს საკითხები აღწერონ, შესაბამისი მასალები შეაგროვონ და ამ ყველაფერს სამართლებივი პასუხი გასცენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.