ავტორი:

"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა?

"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა?

31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. ამის შესახებ AMBEBI.GE -ს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

"უმძიმესი მგომარეობა იყო, დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის მიდამო, ჩატარდა ფეხის ამპუტაცია. არაერთი ქირურგი იყო ამაში ჩართული. ამპუტაციის შემდეგ მოხდა მენჯ-სახსრის ფიქსაცია. ახლა მდგომარეობა დასტაბილურებულია, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა", - გვითხრეს იაშვილის კლინიკაში.

ორი დღის წინ ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ელოდებოდა ბიჭი ყოველდღე სასკოლო ავტობუსს.

"სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ" - წერდა მოსწავლის დედა.

ამჯერად დათუნას დედამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხალხს მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის...

"ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო, გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობს - თქო. დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს. ხალხო, ვერ აღგიწერთ როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის. მე მჯერა, რომ სასწაულები ხდება..."