ავტორი:

4 შვილი და მოცეკვავე მეუღლე - ვინ არის და რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი?

4 შვილი და მოცეკვავე მეუღლე - ვინ არის და რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი?

დავით ზალკალიანი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, აშშ-ში საქართველოს ელჩად გაამწესეს, საგარეო უწყების პირველ პირად კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

"მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი. ილიას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობა, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მე მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად, ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება გვჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვინ არის ილია დარჩიაშვილი?

  • განათლება

ილია დარჩიაშვილი 1981 წლის 21 თებერვალს, ქალაქ სიღნაღში დაიბადა. როგორც მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, სტატუსით: ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტში, სპეციალობით საბაჟო საქმე, მიიღო ეკონომიკის მაგისტრის წოდება; ხოლო 2011 წელს გახდა გრენობლის ბიზნესის სკოლის (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

  • სამუშაო გამოცდილება

2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად;

2004-2006წწ. ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად;

2006-2012წწ. ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი;

2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში;

2014-2015წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე;

2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;

2015-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე;

2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;

2017-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში

2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2015-2016) და ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2015-2016)

ის დაჯილდოვებულია პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით, რომელიც მას პირადად პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ გადასცა. როგორც ანჟეი დუდამ აღნიშნა, ეს ჯილდო დარჩიაშვილს გადაეცემოდა პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის. ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა დარჩიაშვილს მადლობა გადაუხადა ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანაში შეტანილი წვლილისთვის.

  • ოჯახი და ქონება

ილია დარჩიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 აპრილში აქვს შევსებული, იმ დროს ის უკვე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე გახლავთ 1985 წელს დაბადებული ნინო ვაშაკიძე, რომელიც "ერისიონის" ყოფილი მოცეკვავეა. წყვილს 4 შვილის ჰყავს: სოფო, ალექსანდრე, გიორგი და დანიელი. მათგან სოფო უფროსია და 15 წლისაა, ალექსანდრე 12-ის, უმცროსი ტყუპი - გიორგი და დანიელი კი ხვალ, 5 აპრილს, 3 - ის გახდებიან.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ილია დარჩიაშვილის სახელზე გაფორმებულია 2 ბინა თბილისში, რომელთაგან ერთი 2011 წელს იპოთეკით აქვს ნაყიდი და მასში გადაუხადია 73 000 დოლარი, 2018 წელს კი, ასევე იპოთეკით, 48 500 დოლარად შეუძენია მეორე ბინა.

მის სახელზე ასევე გაფორმებულია არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2011 წელს, ბინასთან ერთად აქვს ნაყიდი.

დეკლარაციის შევსების დროს, დარჩიაშვილის სახელზე არაერთი საბანკო ანგარიში იყო გახსნილი. მათგან რამდენიმეზე ირიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხა.

ING Bank მოთხოვნამდე ანაბარზე მას ჰქონდა 11000,56 PLN, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1007,85 EUR. "საქართველოს ბანკის" სადებეტო VISA (მულტი სავალუტო) ანგარიშზე კი ირიცხებოდა 1843,32 GEL. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის სახელზე რამდენიმე ანგარიშია გახსნილი, მათგან მხოლოდ ერთზეა თანხა - 121,6 PLN.

დეკლარაციაში შეტანილი აქვს ტყუპი შვილების სახელზე გახსნილი ანგარიშები და ორივეზე ირიცხება ერთი რაოდენობის თანხა - 519 დოლარი.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილს 2020 წელს ხელფასის სახით აღებული აქვს 72732 ევრო. გასავალში კი ამავე წელს ნაჩვენები აქვს ბინის ქირაში გადახდილი 24 000 ევრო და ასევე იპოთეკური სესხის დასაფარად გადახდილი 6713,65 ევრო.

დეკლარაციის მიხედვით დარჩიაშვილის უფროსი შვილის, სოფოს სწავლაში გადაუხდია 11500 PLN, ხოლო ალექსანდრეს განათლებაში - 10014 PLN. წყარო