ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად დაცულია.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მიხეილ სააკშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდრტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.