განსხვავებული აზრის მიუღებლობა და მტრის ენად აღქმა, აგრესია და თავდასხმა, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ჩვეულებრივ მოვლენადაა გადაქცეული. როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში გამალებულად მიდის ადამიანების "ჩვენიანებად“ და "სხვისიანებად“ დაყოფა, "ქოცების“ და "ნაცების“ ბანაკში განაწილება, განსხვავებული ფიქრისა და გამოხატვისთვის მტრის იარლიყის მიწებება, რაც, ექსპერტ-ანალიტიკოსების აზრით, ავტორიტარულ ცნობიერებასა და ისევ საბჭოური მენტალობის ტყვეობაში ყოფნაზე მიანიშნებს. ამ საკითხზე ვესაუბრებით სოციოლოგიის დოქტორს იაგო კაჭკაჭიშვილს.
- რატომ აღიქმება განსხვავებული აზრი, გამოხატვა მტრის ენად, როგორც პოლიტიკაში, ისე - საზოგადოებაში?
- დემოკრატია არა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმია, არამედ არსებობს დემოკრატიული ცნობიერებაც. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ცნობიერებაზეც. დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის ძირითადი, არსებითი ნიშანია ყოველთვის დაუშვა ის, რომ რაღაც მოსაზრებას, ან რაღაც ქმედებას გააჩნია თავისი ალტერნატივა. შენ თუ ფიქრობ, რომ რაღაც მოსაზრება არის აბსოლუტური ჭეშმარიტების პრეტენზიის, თუ ამბიციის შემცველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობიერება არის არა დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული. ანუ ცნობიერების ამბავია აქ გადამწყვეტი. როგორც ჩანს, ეს მემკვიდრეობით მივიღეთ, რასაკვირველია, ეს საბჭოთა მემკვიდრეობის პროდუქტია. ჩვენი ცნობიერება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ავტორიტარიზმის ტყვეობიდან, ანუ ჩვენი ცნობიერება ვერ იქცა დემოკრატიულ სააზროვნო ველად, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შენი მტერი არ არის. ეს არის ძირითადი მექანიზმი, ეს მოქმედებს ყველა სფეროში. საბჭოთა ცნობიერება ის იყო, რომ ჭეშმარიტია, რასაც პარტია გვეუბნება, საბჭოთა იდეოლოგები გვეუბნებიან, მარქსი გვეუბნება და ა.შ. სხვანაირად, ეს ნიშნავს აზროვნების რელატიურობის დაშვებას, იმას, რომ ესა თუ ის მოსაზრება შეიძლება გაზიარებულ იქნას მხოლოდ მათ მიერ, ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება, არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ესა თუ ის მოსაზრება არის უნივერსალური ღირებულების და ყველა ამას უნდა ეთანხმებოდეს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი მტრული გვგონია, იმიტომ, რომ ის არღვევს იმ ამბიციას, რასაც აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობა ჰქვია და ეს პრობლემაა.
- გამოდის, რომ დროთა განმავლობაში, ჩვენ კი არ ვთავისუფლდებით ამ ავტორიტარიზმის ტყვეობიდან, არამედ პერიოდულად უფრო მძაფრდება და საზოგადოება უფრო მტრული და შეურიგებელი ხდება განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ, რატომ?
- პირველ რიგში, ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ მისგან განსხვავებული აზრი არის არალეგიტიმური, მტრული და მიეწერება "ნაციონალურ მოძრაობას". ყველა ის ადამიანი, ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, მათგან იმსახურებს მტრის იარლიყს იმიტომ, რომ ეს განსხვავებული აზრი უკავშირდება, მათი მტკიცებით" "ნაცმოს", ანუ ვინც განსხვავებულად აზროვნებს, ყველა "ნაცია". რადგან ასეთ ველში მოვექეცით, ამ აზრს რომ უპირისპირდები, თავისთავად ომში ებმები. როცა გინდა, საპირისპირო და განსხვავებული ამტკიცო, შენ მტრად გრაცხავენ, ეს აღვივებს ვნებათაღელვას, უფრო ამძაფრებს ვითარებას. თუ მშვიდად მიიღებ განსხვავებულ აზრს, მაშინ გამძაფრებაც არ იქნება და თუ დამიძახებ მტერს და "ნაცმოს" მოსყიდულს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ომში ვერთვები.
- მართლაც, თუ განსხვავებული აზრი გაქვს, ან "ნაცი“ ხარ, ან - "ქოცი“, თითქოს ადამიანს განსხვავებულად ფიქრის და აზროვნების უფლება არ აქვს...
- უფრო სწორი იქნება დავარქვათ, რომ ეს არის ორი პოლუსისგან განსხვავებული, ანუ განსხვავებულ მოსაზრებაზეა აქ ლაპარაკი. ადამიანი, უბრალოდ, განსხვავებულად ფიქრობს, და ეს განსხვავებულად მოაზროვნე დაიყვანება პოლუსებზე - ან ხარ ერთი, ან - მეორე. ეს არის ავტორიტარული აზროვნების ნიმუში, რომელიც უნდა დაიძლიოს. მაგრამ რამ უნდა დაძლიოს, ეს რთული თემაა. სამწუხაროდ, მედიაც ერთვება რაღაცნაირად უკიდურესობების ომში, თვითონაც პოლუსური ხდება, თითქოს ამ უკიდურეს პუნქტებზე ლაგდება ის, რაც ცუდია. მედიის ფუნქციაა, რომ გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე, პოლიტიკოსების ფუნქციაცაა, არ მოექცნენ და ჩაიძირონ ამ უკიდურესობების ჭაობში.
- თუ განსხვავებული აზრი მაქვს, მაინც და მაინც ვინმეს ბანაკში უნდა მომიაზრონ... ეს ყველაფრის გამარტივებისკენ სწრაფვას ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან?
- კარგი სიტყვა ბრძანეთ - გამარტივება. ეს ავტორიტარული აზროვნებაა და ამავე დროს, ზედაპირულია. ავტორიტარული და ზედაპირული აზროვნება კორელაციაში არიან ერთმანეთთან. დემოკრატია გულისხმობს არა ზედაპირზე მოძრაობას, არამედ სიღრმეებში ჩასვლას, ნიუანსების გათვალისწინებას, უფრო ღრმა აზროვნებას. გამარტივება ადვილია, ამით იმარტივებენ საქმეს - ერთისგან განსხვავებული თქვი, მეორეს ბანაკში ხარ, მეორესგან განსხვავებული თქვი, მაშინ - პირველის. მოკლედ, დემოკრატია ხომ არის აზრების პლურალიზმი და ეს პლურალიზმი არ უნდათ იმიტომ, რომ ასე ცხოვრება მარტივია.
- მაინც რა იწვევს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, შიში ხომ არაა ყველაფრის სათავე, მაგალითად, სიმართლის, დამარცხების...
- ავტორიტარული აზროვნების კიდევ ერთი ნიშანია ამგვარად აზროვნება, რომ ვინც ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს, თუ ის აღმოჩნდა მართალი, ე.ი. მე დავიჩაგრე და დავმარცხდი. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ასევე არის დემოკრატიული და არა ავტორიტარული აზროვნების ნიშანი. ავტორიტარული აზროვნება შეცდომას არასდროს აღიარებს, პირიქით, ის ცდილობს საკუთარი აზრის "გაპრავებას“ ყველა შესაძლო შემთხვევაში. ძალიან ცხადიც რომ იყოს საკუთარი მოსაზრების სიმცდარე, ამას არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ ეს არის დამარცხების ტოლფასი. ავტორიტარიზმის პირობებში კი დამარცხება "არ მოსულა“.
- მაშინ, როცა კამათს აზრი არ აქვს, ყველა თავის აზრზე რჩება, თავს გესხმის და აგრესიას აფრქვევს, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა შედგეს ჯანსაღი კომუნიკაცია?
- ეს რაღაცნაირად უნდა გადაილახოს იმიტომ, რომ ასეთი ავტორიტარული აზროვნება არ იძლევა საზოგადოების განვითარების შესაძლებლობას, უნაყოფოა ასეთი აზროვნება, არც ერთი მიმართულებით წინსვლას არ უზრუნველყოფს. რაღაცნაირად უნდა მივხვდეთ, რომ ახალი ძალები უნდა მოვიდნენ, უნდა გაძლიერდეს ალტერნატიული აზრი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალები. ამაზე სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იყვიროს, რომელიც თავისი არსით დემოკრატიული ინსტიტუტია, მან უნდა იზრუნოს ასევე ამაზე.
- ინგლისელი მწერალი და ხელოვნების თეორეტიკოსი ჯონ რესკინი ამბობს: "ერის გადაგვარების პირველი სიმპტომი მისი სრული პოლიტიზირებაა. ამ დროს ადამიანები იყოფიან მომხრეებად და მოწინაღმდეგეებად, დავობენ და სძულთ ერთმანეთი და აღარავინ აკეთებს თავის საქმეს. ასე ირყვნება ერი და ენგრევა თავზე სახელმწიფო“. ეთანხმებით?
- კი ბატონო, მაგრამ სრული პოლიტიზირება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პოლუსური პოლიტიკის პოლიტიკურ პირობებში ცხოვრობ. მრავალფეროვანი პოლიტიკური ძალების ჭიდილის პირობებში თუ ცხოვრობ, მაშინ ვიყო პოლიტიზირებული, კი ბატონო. მაგრამ როდესაც პოლიტიზირება დაიყვანება პოლუსებამდე, მაშინ მივდივართ იქამდე, სადაც ახლა ვართ და რაღაცნაირად ეს უნდა დაირღვეს.
- მედიის როლიც ახსენეთ მოჯადოებული წრის გარღვევაში...
- მედიაც უნდა შეეშვას განსხვავაებული ადამიანების მიმართ იარლიყების მიწებებას და მის რომელიმე პოლუსთან მიკვრას. მედიამ არ უნდა გადაანაწილოს ადამიანები ამ პოლუსებზე და განსხვავებულ აზრს შეხედოს, როგორც ნორმალურს. ეს ნამდვილად აკლია მედიას, მაგრამ "პალიტრას“ - ყველაზე ნაკლებად, სხვათა შორის. ფაქტია, რომ ყველა მის გამომცემლობაში მართლაც არის პლურალისტური ველი და ამის არდანახვა არ შეიძლება.