"ყველაზე ბედნიერი მამა ვიქნებოდი, ახლა რომ შემძლებოდა შენი ჩახუტება და შენი მე-16 დაბადების დღის მოლოცვა, მიშო. მაგრამ რომ დავბრუნდები, მერე ათასმაგად ჩაგეხუტები და მოგეფერები. მამას სიამაყე და ბედნიერება ხარ! დღეს ჩემი მიშოს დაბადების დღეა! მალე დაგიბრუნდები!" - ასე მიულოცა დავით ქაცარავამ უკრაინიდან ინტერნეტით უფროს შვილს დაბადების დღე...
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი 4 მარტიდან უკრაინაშია და საომარ მოქმედებებშია ჩართული. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამის სურვილი გამოთქვა და იქ მოხალისედ გაემგზავრა კიდეც. AMBEBI.GE მის მეუღლეს სოფო ხაჭაპურიძეს ესაუბრა:
- დათო ომის დაწყებამდეც აპირებდა წასვლას, ცოტა ხნით მინდა, წავიდეო... მაგრამ როდესაც ომი დაიწყო, ბიჭებმა უკვე იმაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ მალე წასულიყვნენ... რაც უკრაინაში ხდება, რაც ჩვენთან მოხდა - ყველაფერი იმ გლობალური იდეის ნაწილია, რასაც რუსეთი ახორციელებს (ბორდერიზაცია, ოკუპაცია). რუსეთი, მსოფლიო აგრესორი მხოლოდ ჩვენთან არ მოქმედებს ასე, არაერთ ქვეყანაში აქვს ნაღმები ჩადებული იმისთვის, რომ როცა დასჭირდება, აამოქმედოს. დათო ხომ 2017 წლიდან საოკუპაციო ხაზთან არის, ამიტომ მისი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. ეს დათოს მშობლებმაც მშვიდად მიიღეს. ჩვენც ვიცოდით, რომ ასე მოიქცეოდა. ახლა ოჯახის საქმე მის გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თბილი სიტყვებია. საერთოდ, ყველამ ერთად დადებითი ფონი უნდა შევქმნათ, რომ ამ პროცესმა, უფლის ნებით, მშვიდად და კარგად ჩაიაროს.
- დათო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართველი მოხალისეებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო. თუმცა მათ ჯგუფს გამგზავრებისას წინააღმდეგობები შეხვდა...
- 80 ადამიანამდე შეიკრიბა, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის მოქალაქე იყო - ზოგ სამხედრო, ზოგი გამოუცდელი, ზოგი მედიკოსი... მათი გამგზავრება იმ გზით, უფრო მარტივი იქნებოდა, რასაც საელჩო აგვარებდა, პირდაპირ პოლონეთში ჩაფრინდებოდნენ და იქიდან სახმელეთო გზით უკრაინაში მოუწევდათ გადაადგილება. რაც საკმაოდ იაფი ჯდებოდა. ამიტომაც მოგროვდა ბევრი ადამიანი. მერე ეს ამბავი რომ არ გამოვიდა, ის დიდი ჯგუფი პატარ-პატარა ჯგუფებად დაიშალა. ზოგი საერთოდ ვეღარ წავიდა, რადგანაც გასამგზავრებელი თანხები ვერ მოიძია... სამი დღე გზაში იყვნენ, რამდენიმე სახის ტრანსპორტი გამოიცვალეს. ამდენი ხანი გზაში ყოფნა, იცით, როგორ ფიტავს.
- დათოს ხომ უკავშირდებით?
- მუდმივ კავშირზეა, პრობლემა არ არის უკრაინასთან კავშირი. საკმაოდ ორგანიზებულად აქვთ ეს მთელი სისტემა აწყობილი, იქნება ეს სამხედრო დანაყოფები, თუ საერთაშორისო ლეგიონი, ყველამ თავის საქმე და ადგილი იცის, თავის განაწილება აქვს და წესრიგია. აქვთ დასვენების, კვების, ჰიგიენის დაცვის საშუალება. სამხედრო აღჭურვილობა, რაც საჭირო იყო, ადგილზე მისცეს. დათო საერთაშორისო ლეგიონშია. იქ სხვადასხვა ქვეყნიდანაა მოხალისე ჩასული, რომელიც იბრძვის.
რაღაც უაზრო ხმები გავრცელდა, დიდ თანხებს იღებენო? მოხალისედ ჩასულებს არანაირი ანაზღაურება არ აქვთ. მათი იქ ყოფნა ჩვენი სახელმწიფოსგან არ არის მხარდაჭერილი. ითვლება, რომ პირადი სურვილით წავიდა და მორჩა. თუმცა არის ისეთი ვარიანტიც, ადამიანი ჩადის, კონტრაქტს ხელს აწერს და მისი გამოცდილების მიხედვით იქ ოფიციალური ხელფასი ენიშნება, მაგრამ ერთ-ერთი პირობაა, სანამ საომარი მოქმედებები არ დასრულდება, უფლება არ აქვს, დისლოკაციის ადგილი დატოვოს. ჩვენს ბიჭებს ეს კონტრაქტი არ აქვთ, მოხალისეები არიან. არანაირ ხელფასს იქ არ იღებენ.
- დათოს განწყობა როგორია? რომ რეკავს, რას გეუბნებათ?
- შემართებით არიან. ეს შემართება ზოგადად ვხედავთ, რომ მთელ უკრაინას აქვს. ის, რომ მომართულები არიან გამარჯვებისკენ, აქვთ შინაგანი მობილიზება, სიმშვიდე, ეს შორიდანაც ჩანს. იციან, რომ სიკეთის მხარეს არიან და იციან, რომ მათი ბრძოლა გამართლებულია. ეს ნათელია მსოფლიოსთვისაც.
- გუშინ დათოს სტატუსი წავიკითხე - უფროს შვილს დაბადების დღეს ულოცავდა...
- ჰო, ერთადერთი მონატრებას ვერაფერს უშვრება. რომ წავიდა, ისე გაუჭირდა, მე არ მნახა, არ შემიძლია ეს დამშვიდობება, მგზავრობის წინ ჩახუტება. გავნადგურდებიო. უბრალოდ, ადგა და წავიდა... ცხადია, არის მონატრება, ემოციები, მაგრამ აქედან სითბოს და დადებით მუხტს ვუგზავნით.
- ბავშვებს აზრიც საინტერესოა - რას ამბობენ?
- მათთვისაც არ არის უცხო დათოს ასეთი განწყობები. ზუსტად იციან, ეს ფასეულობები, გავლილი გვაქვს. გაუგებარი არაფერია და კითხვები - რატომ წავიდა? სად წავიდა? არც გასჩენიათ.
ჩვენი უფროსი ვაჟი, რომელიც გუშინ 16 წლის გახდა, თქვა, ალბათ მეც წავიდოდი, ცოტა დიდი რომ ვიყოო - ასეთი განწყობა აქვთ ბავშვებს - 16 წლის მიშოს, 12 წლის ქეთევანს და 11 წლის ალექსანდრეს.
- დათოს თუ არ ვცდები, უკრაინული სისხლი ურევია...
- კი, დათოს დედა, ჩემი დედამთილი ნახევრად უკრაინელია, გვარად რომანჩენკო. ჩემი მამამთილი ბავშვობაში, 12 წლამდე მარიუპოლში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მისი უმცროსი ძმა იქ დაიბადა. ჩემი ძმა რომ დაიბადა, მერე წამოვედითო, ნათქვამი აქვს... ამიტომ, ეს ქვეყანა მისთვისაც ახლობელია.
დათოს ბაბუა, დედის მამა სამხედრო პირი იყო, აჭარაში მსახურობდა, მაღალი თანამდებობა ჰქონდა და მერე საქართველოში დარჩა... ბებია - მერი ანთიძე არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ, რომელიც მეც გავიცანი.
- როგორია თქვენი მოლოდინი, სურვილები...
- მინდა, რომ ქართველმა ხალხმა მაქსიმალური მხარდაჭერა, ემპათია გამოიჩინოს უკრაინელების მიმართ... რაც შეუძლიათ, ბევრი მართლა გულით ეხმარება და ყველაფერს აკეთებს გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის. ეს იქნება შეფარება, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა... თუმცა მინდა, ყველას მივმართო და ვუთხრა, - ეს ნერვიულობა, დაძაბულობა და ამის მძაფრად, უარყოფითი ემოციებით გამოხატვა ერთმანეთთან დავით, უნდა გავაქროთ. კარგს არაფერს მოიტანს. პირველ რიგში ომი ჩვენში უნდა დავასრულოთ. მსგავსი ემოციების გამოხატვა, შინაგანი ომი როგორღაც უნდა დამთავრდეს და სიმშვიდემ, სიწყნარემ, გაწონასწორებულობამ უნდა დაისადგუროს. მერე დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
ეს განწყობა ჩვენს ახლობლებსაც უნდა გადავცეთ და გარშემო გავამრავლოთ. ეს პოზიტიური განწყობა თუ მასობრივ სახეს მიიღებს, უკრაინასაც დაეხმარება. მათ ეს ისედაც ახასიათებთ და ამიტომაც სჯერათ გამარჯვების, რომელიც ძალია ახლოს არის. ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ!