ავტორი:

"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი სახლიდან "ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სიმონიშვილმა აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, დამამცირებლად ექცეოდა, ამასთან, ბასილაშვილს დოროყაშვილის მიმართ უხეში, არაკორექტული მიმართვები ჰქონდა.

მაკა სიმონიშვილმა ის ინციდენტები გაიხსენა, რომელსაც თავად შესწრებია. მოწმის თქმით, თუ მისი ყოფილი სიძე ცუდ ხასიათზე იყო, ცოლს საბანკო ბარათებს უბლოკავდა, ხასიათის გამოსწორების შემდეგ კი, ბლოკს ხსნიდა.

"ნიკოლოზი, როგორც შვილი, ისე მივიღეთ. ჩემი ქალიშვილი მუდმივად დაყვებოდა, სრულად მასზე იყო გადართული, ჩვენც მისი გულშემატკივრები ვიყავით. ლუკასის დაბადების შემდეგ, ჩემი ქალიშვილი ნიკოლოზის ტურნირებზე ისეთი სიხშირით ვერ დადიოდა.

გავიხსენებ რამდენიმე ინციდენტს, რომელსაც შევესწარი. მაშინ ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემ ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა, დავაპირე ნელისთან დარეკვა, მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო...

ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა, მთხოვეს, იქნებ წავყოლოდი, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გავემგზავრე მათთან ერთად. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც, ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მან კიდევ რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა.

"ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა - მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს...

  • ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამმშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა ცოლს შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ბასილაშვილი საძინებელში შევიდა და "ორივე მათგანს შეაგინა“. სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ის შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა თავს.

"რაღაც გაუგებრობა იყო დედასა და ნელის შორის. ნიკოლოზს ვუთხარი, გადაამოწმე, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი-მეთქი. დამირეკა, დედაჩემთან გადავამოწმე, შენი შვილი უზრდელია, შენ ხარ დემაგოგი, არაადამიანი, ფუო და შემაფურთხა ტელეფონში. მოვუწოდე, ეს სიტყვები არ ეკადრებინა ჩემთვის, რის შემდეგაც ყურმილი დამიკიდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, შვილი ინციდენტების შემდეგ შეცვლილი იყო და ბედნიერს ვერ ხედავდა.

"ნამტირალევიც მინახავს, თუმცა, მალავდა, რაც მათ შორის ხდებოდა, არ მეუბნებოდა. რა ინციდენტებიც მოხდა, ჩემ მეუღლესთან არ გამიჟღერებია, არ მინდოდა ზედმეტად დაძაბულიყო სიტუაცია, მოგეხსენებათ, მამისთვის შვილის შეურაცხყოფა როგორია... რომ გაბრაზდებოდა, საბანკო ბარათებს უბლოკავდა. აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთები იყიდა და ვერ გადაიხადა, რადგან ბარათი დაბლოკილი იყო, ეს ხშირად ხდებოდა. თუ ნიკოლოზი ხასიათზე არ იყო, ან რაღაც ეწყინებოდა, ბარათს დაუბლოკავდა, ხასიათზე რომ მოვიდოდა, ბლოკს მოუხსნიდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ერთხელ ბასილაშვილი დოროყაშვილების სახლში მივიდა და უთხრა, რომ მათ შვილს უნდა დაშორებოდა და სურდა, ეს სასამართლოს ჩარევის გარეშე მომხდარიყო.

"ნიკოლოზი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ განქორწინება მოხდეს სასამართლოს გარეშეო, ნელი არ იყო. ვკითხეთ, იცოდა თუ არა ეს ნელიმ, რაზეც გვიპასუხა, რომ ნელიმ არ იცოდა", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.