ავტორი:

"ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია - თუნდაც მოღალატეს უფლება აქვს სამშობლოში დაიმარხოს" - ტარიელ ნაკაიძე

"ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია - თუნდაც მოღალატეს უფლება აქვს სამშობლოში დაიმარხოს" - ტარიელ ნაკაიძე

"ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია - თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს", - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ, “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანია პროექტის მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვით, პირები, რომელთაც დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან.

ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული მუხლი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდის მაღალჩინოსნებს შეეხებათ. ამ კონტექსტში კი ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და ლევან მამალაძე დასახელდა.

ასლან აბაშიძის შესაძლო ამნისტირების საკითხზე განსხვავებული პოზიცია ტარიელ ნაკაიძემ გამოხატა.

“პირადად მე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს. მსგავსი ადამიანების ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანობის ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა - თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

თავად პროექტის ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ამნისტია ასლან აბაშიძესა და იგორ გიორგიძეზე არ ვრცელდება.

“თუმცა არის 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია და ძებნა შეიძლება 300 ადამიანის მიმართ შეწყდეს. თუ ამ დანაშაულთა წრეშია ლევან მამალაძე და მას რაიმე სხვა დანაშაული არა აქვს ჩადენილი, ის ამნისტირებული იქნება. მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვინც იტყვის: - რატომ ახდენ მამალაძის ამნისტირებას, 300 კაცს შეღავათი არ შეახოო. არ მგონია, ეს მართებული იყო, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ ოპოზიციის პასუხად.

“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეხუთე პუნქტის გათვალისწინებით, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, თუმცა რიგი დანაშაულების შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არ გათავისუფლდებიან. კერძოდ, ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323-ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე - 413-ე მუხლები).