ავტორი:

"გამაოგნებელი რამეა! ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთი რჩება მარტო! რა შესაძლებლობები შეიძლება გავუშვათ ხელიდან, ხვდებით?" - რას წერს ლაგაზიძე?

"გამაოგნებელი რამეა! ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთი რჩება მარტო! რა შესაძლებლობები შეიძლება გავუშვათ ხელიდან, ხვდებით?" - რას წერს ლაგაზიძე?

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შედეგებსა და მხარეებს შესაძლო ხელშეკრულების შესახებ შეფასებას აკეთებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს, მას სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან ამერიკა, ინგლისი, თურქეთი, ჩინეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები. ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით უკრაინა წარმოუდგენლად მყარ უსაფრთხოების გარანტიებს შეიძენს.

"ჯერ რაც ვიცით, შესაძლო ხელშეკრულების შესახებ, წარმოუდგენელი შედეგია: რუსეთმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მას სამხედრო ძალით დაუპირისპირედებიან ამერიკა, ინგლისი, თურქეთი, ჩინეთი, პოლონეთი და ა.შ. გამაოგნებელი რამეა!!! და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ და შედეგად რუსეთი იქნება მარტო, დანარჩენი სამყაროს პირისპირ!!! რა შესაძლებლობები შეიძლება გავუშვათ ხელიდან, თუ ვხვდებით?! ახლა მთავარი დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსია.

და ძალიან მოკლედ, მოლაპარაკების სხვა შუალედურ შედეგებზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით გასათვალისწინებელია: ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო გარანტორთა შორის ჩინეთის და თურქეთის გამოჩენა; რამდენად შეიძლება ჩვენთვის მომგებიანი/შესაძლებლობების ან საფრთხის შემცველი იყოს დონეცკის და ლუგანსკის მოსალოდნელი სტატუსი;

უკრაინის საკითხის ამა თუ იმ ფორმით გადაჭრის შემდეგ, რას უზამს რუსეთი მის მოთხოვნას საქართველოსთან მიმართებაში: გავიხსენოთ, რომ დეკემბრის ულტიმატუმში უკრაინისა და საქართველოს მიმართ ერთნაირი მოთხოვნები ჰქონდა წამოყენებული - ნატოზე უარის თქმა, ერთობლივი სამხედრო სწავლებების და შეიარაღების შეწყვეტა, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგების აკრძალვა.

უკრაინა წარმოუდგენლად მყარ უსაფრთხოების გარანტიებს იძენს ახალი ხელშეკრულებით, ეყოლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია და ულტრათანამედროვე შეიარაღება.

რითი ვხვდებით რუსეთის შესაძლო მოთხოვნებს ჩვენ?! მოშიშვლებული ფლანგებით, დემორალიზებული საზოგადოების ნაწილით, არარსებული უსაფრთხოების სტრატეგიით, 30 წლის მანძილზე ყველაზე გაუარესებული ურთიერთობებით სტრატეგიულ პარტნიორებთან. ვრცლად მოგვიანებით დავუბრუნდები ამ თემას" - წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა.

როგორც ირკვევა, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი მოსაზრებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციიას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების გარანტორები მოაწერენ.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტიან მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს ("ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ.