გასულ ოთხშაბათს, დილით, კერძო თვითმფრინავი Hawker 800XP სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან აფრინდა და აღმოსავლეთით, შავი ზღვის მიმართულებით გაემართა. თვითმფრინავი რუსეთში ჩაფრინდა.
იმავე საღამოს, იგივე თვითმფრინავი, მოსკოვიდან, ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა და სტამბოლში დაბრუნდა. ბორტზე რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პუტინის არაოფიციალური წარმომადგენლის როლს ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ The Times წერს და მოლაპარაკების დეტალების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვში აბრამოვიჩი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელნაწერი წერილი გადასცა, სადაც ის პირობები ეწერა, რომლებსაც უკრაინა ომის დასასრულებლად განიხილავდა.
გამოცემის ინფორმაციით, სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, აბრამოვიჩი დაუკავშირდა უკრაინელ პოლიტიკოსს, რუსტემ უმეროვს, რომელიც მოლაპარაკებებში უკრაინის მხარეს წარმოადგენდა. აბრამოვიჩი და უმეროვი ერთმანეთს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეხვდნენ.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ტალინი ამბობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა. როგორც მან გამოცემა "ჰურიეტთან“ ისაუბრა, არსებობს საკითხები, რომლის ირგვლივაც მხარეებს შორის მიახლოებული პოზიციებია.
წყარო: The Times