თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ექსპრეზიდენტის სიტყვამ ხმაური გამოიწვია.
"„საქართველო არ არის ჯაბანთა სამშობლო, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ ახლა ვიძახით - ჩვენ, ხალხი სხვა ვართ, მთავრობა სხვაა, მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს, როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან - რამ გამოგაშტერათ, თქვენთვისაც ხომ ვიბრძვით, ნუ გვლანძღავთ მაინც. თავს ნუ მოვიტყუებთ - თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში. თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში. ამბობთ - ამ მთავრობას ვაიძულებთ, გავაკეთებინებთ - რას გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების დასმული "შნირები" და აგენტები არიან, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მასობრივი აქციებით, მხოლოდ ხელის ჩაჭიდებით... ვერ დაგარბევენ“." - განაცხადა სააკაშვილმა, რის მერეც დარბაზში ტაში გაისმა, თუმცა პროკურორებმა და მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს დამშვიდება მოსთხოვეს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
იხილეთ ასევე: