ავტორი:

რატომ დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი გელა აბულაძე - რას წერს მისი თანაპარტიელი?

რატომ დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი გელა აბულაძე - რას წერს მისი თანაპარტიელი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა.

ამის შესახებ პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. ცდილობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გელა აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია.

"ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს.

იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე - მალხაზ თორიასა და მის არასრულწოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი”, - წერს სიჭინავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული.

მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგსიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.