ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, შესაძლოა, მათი რაოდენობა დაახლოებით 20 ათასი ადამიანის ფარგლებში იყოს.
"რაც შეეხება უკრაინიდან წამოსულ მოსახლეობას, ჩვენთან რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია, დაახლოებით 20 ათასამდე უკრაინის მოქალაქეზე განაცხადა თავად უკრაინის საელჩომ. საზღვარზე შემოსვლებიც და გასვლებიც ფიქსირდება. შესაბამისად, ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ დაახლოებით 20 ათასის ფარგლებში იქნება. ძალიან რთულია ახლა ზუსტი მონაცემები გვქონდეს იმიტომ, რომ ზოგი ომის დაწყებამდე შემოვიდა და დარჩა ომის პერიოდში, დაახლოებით 20 ათასზე მეტი შემოვიდა, თუმცა ქვეყნიდან გასვლებიც არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რა გეგმა აქვს მთავრობას, როდემდე გეგმავს მათ კერძო სასტუმროებში ცხოვრებას და საიდან ხდება თანხის მოძიება, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ ძირითადად, ორი ტიპის დაფინანსება არის - სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის დონაცია.
"ძირითადად, ორი ტიპის დაფინანსება გვაქვს. ეს არის სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები და მეორე, კერძო სექტორის დონაცია. ამ შემთხვევაში, ალბათ, არის დონორების დახმარებებიც. ძალიან რთულია, რომ კონკრეტული რიცხვები გითხარათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ დაკოორდინირდება და უფრო სრული სურათი გვექნება, ვინ, რა ნაწილ კონტრიბუციას ახდენს დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების კუთხით, თუმცა აქ მხოლოდ საცხოვრებელი პირობები არ არის. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა იმ ტურისტებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დაბრუნება და სასტუმრო ხარჯები ანაზღაურდა, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა რეგიონში ინიციატივები საცხოვრებელი ფართით დახმარების კუთხით, მათ შორის თბილისის მერიას ჰქონდა პროგრამები. შემდგომში იყო გარკვეული შეღავათები, რომელიც მუნიციპალურ სერვისებს უკავშირდებოდა, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებას, უფასო გადაადგილებას. ასევე იყო გარკვეული სახელმწიფო სერვისების უფასო მიწოდება, რომელიც ცენტრალიზებულ დონეზე მოხდა, შემდგომში განათლების სამინისტრომ დაიწყო მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის დაფინანსება და რეალურად, სწავლის შესაძლებლობები გაჩნდა ქვეყანაში, ასევე იყო სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე ინტერესი და ამის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება პოზიტიურად მიიღო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, რომ ნორმალური, ღირსეული პირობები შეუქმნას უკრაინის მოქალაქეებს.
"ასევე ძალიან ბევრია მხარდაჭერის ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა სხვადასხვა უწყების მეშვეობით აკეთებს, ჩვენ გირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.