ავტორი:

რაზე საუბრობს უკრაინა რუსეთთან და რატომ ახსენა ზელენსკიმ აფხაზეთი - უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ რუს ჟურნალისტებთან და მისი მოსაზრება ქვეყნის ნეიტრალიტეტზე

რაზე საუბრობს უკრაინა რუსეთთან და რატომ ახსენა ზელენსკიმ აფხაზეთი - უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ რუს ჟურნალისტებთან და მისი მოსაზრება ქვეყნის ნეიტრალიტეტზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა რუსული გამოცემების ჟურნალისტებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანია "როსკომნადზორმა“ რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა.

"როსკომნადზორმა“ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედია, რომელიც უკრაინის პირველ პირს ესაუბრა, რუსეთში "უცხოური აგენტია".

ინტერვიუს თაობაზე ინფორმაცია ლიბერალურმა რუსულმა გამოცემა "მედუზამ“ გაავრცელა. გამოცემამ ინტერვიუ ტელეკომპანია "დოჟდთან“ და რუსულ გაზეთ "კომერსანტთან“ ერთად ჩაწერა. ცნობისთვის, ორივე მედია კომპანია "მედუზა“ და "დოჟდი“ რუსეთში დაბლოკილია. დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან 92-წუთიან ინტერვიუში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ პუტინს უთხრეს, უკრაინელები რუსეთის შეჭრას მიესალმებოდნენ.

პუტინის გეგმები არასტრატეგიულია, რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს - აფხაზეთსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ ამ ინტრევიუში განაცხადა.

"მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედერაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები - მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. მეორე საკითხი არის უკრაინის წარმატება - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, ზუსტად იცის, როგორი ხალხიც არის აქ.

ბევრი მიზეზია, თუ რატომ იქცევა პუტინი ასე. ამბიცია იმისა, რომ "საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა“, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. მისი ეს მთელი მრავალვექტორულობა ... აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიზანია მშვიდობა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება მალე აღდგენა.

"როგორც მაცნობეს, უკვე არის თურქეთში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება. არ არის ცუდი. ვნახოთ შედეგი“, - აღნიშნა ზელენკსიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პრიორიტეტები ცნობილია.

"უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვგარეშეა. ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები სავალდებულოა. ჩვენი მიზანიც აშკარაა - მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენა ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება და ის სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებისთვის სიტყვით მიმართვას გააგრძელებს.

"მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება, ვერავინ შეძლებს უკრაინის ინტერესების დამალვას პოლიტიკურ ოფისებში ან ბიუროკრატიულ ხარვეზებში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

"მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი დგას უკრაინის მხარეს, სიკეთის მხარეს ბოროტებასთან ბრძოლაში. თუ სადმე პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ გაჰყვნენ ხალხს, ჩვენ მათ ვასწავლით. ეს არის დემოკრატიისა და ჩვენი ეროვნული ხასიათის საფუძველი",- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუ ისინი მხოლოდ უკრაინის "დენაციფიკაციის" საკითხს განიხილავენ.

დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს "დენაციფიკაცია“ და "დემილიტარიზაცია“.

"საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც "დემილიტარიზაციაზე“ ან "დენაზიფიკაციაზე“ ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, წინა შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინულმა მხარემ რუს კოლეგებს უთხრა, რომ არ გამოეყენებინათ ეს ტერმინები, არ აღმოჩნდა "არსებითი“.

ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ ის "არ არის წინააღმდეგი" რუსეთთან მოლაპარაკებების, "ვიდრე შედეგი იქნება" და დასძინა, რომ ის დიალოგის მომხრე იყო ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დაიწყო ომი.

  • რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი", - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება არის ის, რაც განიხილებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა რუსეთის სხვა მოთხოვნების განხილვაზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინის დემილიტარიზაცია.

ასევე იხილეთ: