მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, რუსული მედია ყოველდღიურად ომის მიმდინარეობის გარდა, რომელსაც "სპეცოპერაციად" მოიხსენიებს აქტიურად "აშავებს“ იმ ხელოვანებს, რომლებმაც პუტინს ომის შეწყვეტა მოსთხოვეს.
რუსებისთვის სათაყვანებელი ზოგიერთი ვარკვლავი წამებში იქცა მტრად და ამ სიის პირველ სამეულში ალა პუგაჩოვა, ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევა არიან. ბოლო ინფორმაციით ალა, რომელიც ქმართან და ორ შვილთან ერთად ისრაელში იმყოფება, ქვეყანას (ისრაელს) თავშესაფარს სთხოვს, რადგან ეშინია სამშობლოში დაბრუნების. თუმცა ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და პრიმადონას ფაქტი თავად არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება ვალერი მელაძეს, მისი ყველა კონცერტი რუსეთში გადაიდო და უფრო მეტიც, ქვეყნის ტერიტორიაზე ცისფერი ეკრანებიდან გააქრეს. მედიაში წერენ, რომ ცნობილი ჰიტის "Salute, Vera!"-ს ავტორმა გულშემატკივრები გაოცებული დატოვა და ძალიან გაანაწყენა. თუმცა აქვე აყვედრიან, რომ მელაძემ დიდი ფული სწორედ რუსეთში იშოვა და ის ფაქტი, რომ ახლა მდიდრულ სახლში მაგიდასთან ზის და რუს სამხედროებს აკრიტიკებს, მიუღებელია.
რუსულ მედიაში ამტკიცებენ, რომ გაუქმებული კონცერტების მიუხედავად, მელაძე ამ რთულ პერიოდშიც რუსი ოლიგარქების დახურულ წვეულებებზე გამოდის და მისი მოთხოვნები შთამბეჭდავია. მხოლოდ ერთი საღამოს სიმღერისთვის ის 70 ათას ევროს ითხოვს. ასევე სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში გადაადგილების შემთხვევაში ამას ემატება ყოველდღიური ხარჯებისთვის თანხა და სასტუმროს ნომერი. ასევე მერსედესის ფირმის ავტომანქანა არამწეველი მძღოლით და ბონუსად ვისკი 12 წლის დაძველებით.
ამავდროულად, რუსულ მედიაში გაჩნდა სტატია სათაურით, რომ ვალერი მელაძეს უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ცოლი შორდება. სტატიაში წერია, რომ ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ახლა რთულ პერიოდს გადიან, მალე ცნობილი სახეები განქორწინდებიან. ჭორების თანახმად წყვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მელაძემ საჯაროდ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში. ალბინა ჯანაბაევა ქმრის საქციელს უგუნურობად მიიჩნევს - ვკითხულობთ მედიაში.
ჯანაბაევას თქმით, სკანდალს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მის ქმართან ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, ქალმა თქვა, რომ შესაძლოა, მალე კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გახდნენ.
ცნობილ წყვილს, სამი საერთო შვილი ჰყავს. ვაჟები - კონსტანტინე და ლუკა, ასევე ქალიშვილი აგატა. წყვილის უმცროსი შვილი აპრილში ერთი წლის გახდება.
ჯანაბაევამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მის ოჯახში იდილია სუფევს. მისი თქმით, ვალერი ძალიან ეხმარება მას შვილების მოვლაში და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს.
ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. რუსეთში "ინსტაგრამის" გაუქმების შემდეგ, მელაძემ როგორც სხვა იქ მცხოვრებმა ვარსკვლავებმა "ტელეგრამზე" გადაინაცვლა, სადაც პირველი პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
"მოგესალმებით ყველას, ვალერი მელაძე თქვენთან ხაზზეა... ახლა მე მაქვს "ტელეგრამზე" საკუთარი არხი, რომ გაგიზიაროთ ჩემი შემოქმედება, სიახლეები და აზრები. რა თქმა უნდა, ველოდები გამოხმაურებას. დავიწყოთ მუშაობა!..“ - წერს მელაძე, რომელიც ამ დროისთვის საცხოვრებლად ისევ რუსეთში რჩება.