ავტორი:

ობლობა, გზა ოლიგარქობამდე და ახლო ურთიერთობა პუტინთან - რომან აბრამოვიჩის ცხოვრების უცნობი დეტალები: კაცი, რომელსაც კრემლში "ბატონ A-ს" ეძახიან

ობლობა, გზა ოლიგარქობამდე და ახლო ურთიერთობა პუტინთან - რომან აბრამოვიჩის ცხოვრების უცნობი დეტალები: კაცი, რომელსაც კრემლში "ბატონ A-ს" ეძახიან

რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი ბოლო დღეებია მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. მილიარდერი, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი, იმ ადამიანთა სიაშია, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები შეეხო.

ბოლო ცნობების მიხედვით კი, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩი სანქცირებული ადამიანების სიიდან ამოიღოს, რადგანაც ბიზნესმენმა შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

  • რომან აბრამოვიჩი უკვე წლებია გავლენიანი და საინტერესო პერსონაა, რომლის ცხოვრებაც სავსეა სკანდალებით, სასამართლო დავებით, ქორწინებებითა და განქორწინებებით.

მისი გამდიდრება კი ემთხვევა "რკინის ფარდის" ჩამოშლის შემდგომ პერიოდს და რუსეთის ქაოსურ ტრანსფორმაციას. აბრამოვიჩის გამდიდრება კარგად არის აღწერილი ინგლისის უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის დოკუმენტებში. ეს ის პერიოდია, როდესაც მას კანონთან ჰქონდა პრობლემები, თუმცა მან ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, "თავის დაღწევა" შეძლო.

აბრამოვიჩი საბჭოთა კავშირის ჯარში. ის თავის ისტორიას "უნიკალურ რუსულ ამბავს" უწოდებს

  • ოჯახი

1966 წელს დაბადებულ რომან აბრამოვიჩს სამი წლის ასაკში აღარც დედა ჰყავდა და არც მამა. დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა რომანი 1 წლის იყო, ხოლო სამი წლისამ მამაც დაკარგა. დაობლებული აბრამოვიჩი ნათესავებმა კომის რესპუბლიკაში, რუსეთის ჩრდილოეთით აღზარდეს. ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ჯარში მსახურობდა, შემდეგ საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა და თავდაპირველად, მექანიკოსად მუშაობდა.

აბრამოვიჩს ებრაული ფესვები აქვს. დედამისი ირინა ვასილიევნა აბრამოვიჩი მუსიკის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა, არონ აბრამოვიჩი კომის ეკონომიკურ საბჭოში მუშაობდა.

აბრამოვიჩი სკოლის მეგობრებთან ერთად

რუსული "პერესტროიკის" პერიოდში, როდესაც ეკონომიკური ლიბერალიზაცია მცირე ბიზნესს განვითარების საშუალებას აძლევდა, აბრამოვიჩმა დაიწყო საბავშვო სათამაშოების წარმოება. ის ყიდდა პლასტმასის პატარა იხვებს. მოგვიანებით, ნავთობისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების ტრანსპორტირება და ამ პროდუქტებით ვაჭრობა დაიწყო.

  • ინგლისური სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 1994 წელს, როდესაც ბორის ბერეზოვსკის პირველად შეხვდა, აბრამოვიჩი "ზომიერად წარმატებული ბიზნესმენი“ იყო.

აბრამოვიჩი არის რუსეთის ებრაული თემის ფედერაციის თავმჯდომარე და მოსკოვის ებრაული მუზეუმის რწმუნებული.

  • სამი ქორწინება და შვილები

ის სამჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. 1987 წელს საბჭოთა არმიაში ხანმოკლე მსახურობის პერიოდში, დაქორწინდა ოლგა ლისოვაზე, რომელსაც 1990 წელს გაშორდა. 1991 წელს "აეროფლოტის" ყოფილ ბორტგამცილებელ ირინა მალანდინაზე იქორწინა. და მათ ხუთი შვილი შეეძინათ - ილია, არინა, სოფია, არკადი და ანა.

1987 წელი და აბრამოვიჩის პირველი ქორწინების ამსახველი ფოტო

2006 წელს ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩის ცოლმა ადვოკატები დაიქირავა განქორწინების საქმისთვის, რადგანაც რომანს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ ჟუკოვის ქალიშვილთან, დაშა ჟუკოვასთან. ჟუკოვაზე მან 2008 წელს იქორწინა და წყვილს ორი შვილი - აარონ ალექსანდერი და ლეა ლუ ჰყავთ. 2018 წელს რომან აბრამოვიჩის მესამე ქორწინებაც გაყრით დასრულდა.

  • "სიბნეფტის" შექმნა

ნავთობკომპანია "სიბნეფტის“ შექმნა იყო ის, რამაც აბრამოვიჩის გამდიდრება განაპირობა. საავტომობილო სექტორში უკვე წარმატებული და მდიდარი ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც გავლენიან პოლიტიკოსებთანაც ჰქონდა კავშირები, მისთვის იდეალური ბიზნეს-პარტნიორი იყო.

ბერეზოვსკიმ ჯერ აბრამოვიჩს, შემდეგ კი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინს შესთავაზა იდეა - ბერეზოვსკისა და აბრამოვიჩისთვის გადაეცათ ნედლი ნავთობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ქარხნები, სანაცვლოდ კი შემოსავლებს გამოიყენებდნენ ტელეკომპანია ORT-ს დასაფინანსებლად, რომელსაც თავის მხრივ, ელცინი პროპაგანდისთვის გამოიყენებდა.

ასე შექმნა ბორის ელცინმა კომანია "სიბნეფტი" 1995 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა რომან აბრამოვიჩი 29 წლის იყო. ახალი უზარმაზარი ნავთობის კონცერნი კი აბრამოვიჩს აუქციონის გზით მიჰყიდეს.

ამ გარიგებით აბრამოვიჩმა პოლიტიკური გავლენებიც მოიპოვა და ის შეფასებულია როგორც "კორუფციული გარიგება.“ აღსანიშნავია, რომ 2000-2008 წლებში აბრამოვიჩი იყო ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი. 2008 წლის 12 ოქტომბრიდან ჩუკოტკის დუმის დეპუტატი.

ბიზნესმენის ადვოკატი, ჯონათან სამპშენის თქმით, ეს მართლაც იყო კორუფციული გარიგება, მაგრამ დასძენს, რომ "იმ პერიოდში რუსეთში ბიზნესი ასე კეთდებოდა.“

  • ურთიერთობა პუტინთან და "ბატონი A"

აბრამოვიჩს თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბორის ელცინის მემკვიდრესთან, ვლადიმერ პუტინთან ბერეზოვსკისა და სხვა ბიზნესმენებისგან გასხვავებით, რომლებიც პუტინს დაუპირისპირდნენ. აბრამოვიჩის ბიზნესი პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ხდებოდა კიდევ უფრო წარმატებული.

2005 წელი - რომან აბრამოვიჩი და ვლადიმერ პუტინი კრემლში

ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ელცინს ურჩია მისი მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ის პუტინთან იმდენად დაახლოებული პირია, რომ 2007 წელს, როდესაც რუსულ პოლიტიკურ ელიტაში პუტინის შემცვლელზე მსჯელობდნენ, პუტინს მან პირადად ურჩია, რომ პრეზიდენტის პოსტზე დიმიტრი მედვედევისთვის დაეჭირა მხარი.

კრის ჰაჩინსი, რომელიც პუტინის ბიოგრაფიას წერს, პრეზიდენტისა და აბრამოვიჩის ურთიერთობას აღწერს როგორც "ურთიერთობას მამასა და საყვარელ შვილს შორის". კრემლში ბიზნესმენს მოიხსენიებენ როგორც "ბატონი A."