ავტორი:

სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი და მხარდაჭერის მრავალშრიანი სისტემა - ძირითადი პრიცნიპები ყველა მოსწავლისთვის მათთვის საჭირო განათლების უზრუნველსაყოფად

სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი და მხარდაჭერის მრავალშრიანი სისტემა - ძირითადი პრიცნიპები ყველა მოსწავლისთვის მათთვის საჭირო განათლების უზრუნველსაყოფად

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები მსოფლიოში მოსწავლეთა ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. სწავლის გლობალური კრიზისი მათზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სხვებზე. 100 მილიონზე მეტი სსსმ ბავშვი ვერ იღებს განათლებას, შესაბამისად, ვერ იძენს შრომის ბაზარზე მოთხოვნად უნარ-ჩვევებს და განათლების გაგრძელების შანსიც ძალზე მცირე აქვთ.

მსოფლიოში ზოგადი განათლების ასაკის 387 მილიონი ბავშვია. მათ საკმაო ნაწილს აქვს სპეციალური საჭიროები. ბევრს არ შეუძლია კითხვა, წერა და ანგარიში. მათი ამგვარი გარიყვა საზოგადოებას ჰუმანური და ფინანსური თვალსაზრისით ძვირი უჯდება. როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვერ იღებენ განათლებას და არ მუშაობენ, სახელმწიფოები მილიარდობით დოლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავენ.

ყველა მოსწავლის განათლების უზრუნველსაყოფად USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, ახალი სასწავლო წლიდან, საქართველოს 15 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინის პილოტირებას იწყებს. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები გაივლიან ინტენსიურ მომზადებას, რომელიც საშუალებას მისცემთ გადახედონ აქამდე დამკვიდრებულ სწავლების პრაქტიკას და გახადონ ის ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.

სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინისა და მხარდაჭერის მრავალშრიან სისტემაზე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ნენსი პარკსს ვესაუბრეთ:

,, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები არაერთგვაროვან ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათგან ბევრს დიდი ძალისხმევა უწევს სკოლაში წარმატების მისაღწევად. როგორც ჯგუფი, ისინი შესაძლოა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე თანატოლებს სკოლადამთავრებულთა რანჟირებულ სიაში, წარმატების სტანდარტიზებული საზომების მიხედვით და დასაქმების მაჩვენებლით. ასეთი არასახარბიელო შედეგები მიუღებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა აბრკოლებდეს მათ წარმატების მიღწევის გზაზე.

ყველა სასკოლო სისტემის მიზანია, მოსწავლეები უზრუნველყოს ხარისხიანი განათლებით და ამით ყოველ მოსწავლეს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა მისცეს. ეს სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ სინამდვილეში, ყველა მოსწავლის განათლება შესაძლოა დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს. დირექტორები, მასწავლებლები და სასკოლო გარემო შესაბამისად უნდა იყონ მომზადებული იმისათვის, რომ შეძლონ მრავალფეროვანი სწავლება, განსაკუთრებით, როცა საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დღის მნიშვნელოვან ნაწილს საერთო კლასში ატარებენ, საერთო-საკლასო მასწავლებლები მუდმივად აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ის უნარები და ინსტრუმენტები, რაც საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლებისთვის. ვფიქრობთ, რომ ასეთი მასწავლებლებისთვის შესაბამისი უნარების ამაღლება ამ მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების არსებითი ფაქტორია.

რას გულისხმობს და რა პრინციპებს ეფუძნება სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი?

სასწავლო პროცესის უნივერსალურ დიზაინს სამი ძირითადი პრინციპი აქვს. ესენია:

  • სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი არის სწავლისა და სწავლების იმგვარი ხედვა, რომელიც გვეხმარება, ყველა მოსწავლეს წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ.
  • ეს მიდგომა მოქნილობას სძენს მოსწავლეებისთვის მასალის მიწოდების, მოსწავლეების მიერ მასალაზე მუშაობისა და საკუთარი ცოდნის გამოხატვის ფორმებს.
  • სასწავლო პროცესის ამგვარი მიდგომით დაგეგმვა ყველა მოსწავლისთვის ხელსაყრელია, მაგრამ შესაძლოა ყველაზე სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც განსხვავებულად სწავლობს და ფიქრობს.

სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს აქვს საჭიროებანი, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სწავლის სპეციალური საჭიროებები, მაგრამ რომელთა ჩართვა კლასში ოპტიმალურია ყველა მოსწავლისათვის.

უნივერსალურ დიზაინს გაკვეთილებზე მოქნილობა შეაქვს. მისი პრინციპების გამოყენებით მასწავლებლებს შეუძლიათ, შედეგიანად აუხსნან მასალა მოსწავლეთა მრავალფეროვან ჯგუფს. ისინი ამას აღწევენ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხერხებსა და მოსწავლეების მიერ ცოდნის დემონსტრირების გზებში მოქნილობის შეტანით.

როგორ ჯდება მხარდაჭერის მრავალშრიანი სისტემა (MTSS) სასწავლო პროცესის უნივერსალურ დიზაინში?

სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი იქმნება კონკრეტული მიზნით. მისი სქემა არის პროაქტიული და განმეორებადი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მუდმივად ისწავლონ მიზნობრივი და ინტენსიური/ინდივიდუალური დახმარებით; მასწავლებლებს შეუძლიათ, ისწავლონ შესაბამისი ჩარევის შეთავაზება და გამოიყენონ სწავლების დაგეგმვაში.

MTSS არ არის მხოლოდ მრავალშრიანი ინტერვენციები, არამედ მასში განიხილება ისიც, თუ როგორ შეეწყოს ერთმანეთს ყველა სასკოლო თუ რაიონული სისტემა ისე, რომ უზრუნველყოს მაღალი დონის განათლება ყველა მოსწავლისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინის დანერგვის სტრატეგია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.

რა არის საჭირო მხარდაჭერის მრავალშრიანი სისტემის წარმატებით დანერგვისთვის?

მისი წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა, მრავალშრიან სისტემას ჰქონდეს ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, ასევე, ძირს უმაგრებდეს კომპეტენცია და დანერგვისთვის საჭირო სხვა ფაქტორები. ეს უზრუნველყოფს, რომ სკოლის გარეთ არსებული რესურსებიც მიმართული იყოს ყველა იმ მოსწავლის მხარდასაჭერად, რომლებსაც შეუძლიათ ისწავლონ, სურვილი აქვთ ისწავლონ და კიდევაც მიაღწევენ წარმატებას ჩვენი დახმარებით.

იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, განურჩევლად მშობლიური ენისა, მოვამზადოთ საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, აუცილებელია მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება. მასწავლებლებმა უნდა გადახედონ სწავლების პრაქტიკას და განსაზღვრონ, თუ როგორ შეიძლება, ის მეტად ინკლუზიური გახადონ.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პროგრამის ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილია როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის, სპეციალური მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორისთვის. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მას RTI International ახორციელებს.

NS