რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თბილისში, სოლოლაკში დაიბადა. ის წარმომავლობით სომეხია, ხოლო მისი ნამდვილი გვარი კი კალანტაროვი, - ამის შესახებ "ტელეგრაფს" წლების წინ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვან ბაიბურთი ესაუბრა.
გამოცემას ის ასევე უყვებოდა, რომ ლავროვი სკოლის ასაკამდე სოლოლაკში, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა და მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი იყო.
"2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო. მახსოვს, ასეთი პასუხი გასცა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს და აღიარა, რომ სუფთა სისხლის სომეხია. მისმა ოჯახმა თბილისი მანამ დატოვა, ვიდრე ლავროვი სასკოლო ასაკს მიაღწევდა. ის წარმოშობით კარგი ოჯახიდანაა. მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი, მამა კი – ინჟინერი იყო. მის მამას, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (გეპეი) ჰქონდა დამთავრებული", – ამბობდა ვან ბაიბურთი.
რუსეთის პირველი დიპლომატი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ყურადღების ცენტრშია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავროვის ქალიშვილს (გერს) ბრიტანეთში ბინას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშს გაუყინავენ. უკრაინული გამოცემის თანახმად, პოლინა პოლიაკოვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულ პირთა სიაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიყვანა.
პოლინა 26 წლის რუსი გოგონაა, ლონდონიდან. ის კენსინგტონში უზარმაზარ ბინაში ცხოვრობს, უყვარს გართობა და მისი ინსტაგრამის გვერდი ერთგვარ უწყვეტ შვებულებას ჰგავს. პოლინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გერია.
მისი დედა კი სვეტლანა პოლიაკოვა, ლავროვის "ფარული ცოლია". ახალგაზრდა ქალმა, ძვირადღირებული ბინის ყიდვა რამდენიმე მილიონ დოლარად 21 წლის ასაკში შეძლო. ლავროვს 50 წელია ოფიციალური ცოლი ჰყავს. თუმცა ამის შესახებ არავის სმენია და არავის უნახავს. ერთად საზოგადოებაში უკვე მრავალი წელია არ გამოჩენილან.
ამ ქალბატონისგან განსხვავებით, სვეტლანა პოლიაკოვა და დიპლომატი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ სვეტლანა უმუშევარია, ის ფლობს მანქანების კოლექციას. ის უბრალოდ ბედნიერი ლონდონელი ტურისტია, რომელმაც არ იცის რა არის ოფიციალური სამუშაო. ის მხოლოდ ლავროვის კრემლში შეხვედრის თანმხლებ ფოტოებში ჩანს.
რეალურად კი სერგეი ლავროვს ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს. ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2004 წელს დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.
ახლა კი ლავროვის ოფიციალურ ოჯახზე მოგიყვებით...
ლავროვი დაქორწინებულია, მისი მეუღლე მარია ლავროვა განათლებით ფილოლოგია, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ქალი წლების მანძილზე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მათ ჰყავთ ერთადერთი ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა, რომელიც დაოჯახების შემდეგ ქმრის გვარზეა.
კატერინა 1982 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ამერიკის მოქალაქეობა - ვკითხულობთ რუსულ მედიაში. სწავლობდა მანჰეტენის საშუალო სკოლაში და დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ლონდონში მიიღო.
ამერიკული და ევროპული განათლების მიღების შემდეგ კატერინა მოსკოვში დაბრუნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ბრიტანული აუქციონის სახლის Christie's-ის რუსული ფილიალის დირექტორი, რომელიც ანტიკვარებს და ხელოვნების ნიმუშებს ყიდის. 2015 წლიდან კი აქვს საკუთარი ბიზნესი - Smart Art პროექტი. კომპანია დაკავებულია ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციით და შუამავალია კოლექციონერებსა და ხელოვანებს შორის.
ეკატერინეს ქმარი - ალექსანდრე ვინოკუროვი
ეკატერინა დაქორწინებულია ალექსანდრე ვინოკუროვზე. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს ლონდონში ასპირანტურაში სწავლის დროს გაიცნო. მათ 2010 წელს იქორწინეს. იმავე წელს შეეძინათ ვაჟი ლეონიდი და 2013 წელს - ქალიშვილი. კატერინა ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე, რადგან ის მისი მშობლების ერთადერთი შვილი იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასოდეს წარმოედგინა საკუთარი თავი უცხოელზე დაქორწინებული, რადგან მას რუსული მენტალიტეტი უფრო ხიბლავს, ვიდრე დასავლური სამყარო.
ალექსანდრე ვინოკუროვი რუსია, ის მრავალი საინვესტიციო კომპანიის ტოპ მენეჯერია, მარათონ ჯგუფის საინვესტიციო კომპანიის მმართველი პარტნიორი და პრეზიდენტია (Marathon Group).
ასევე მთავარი რუსული ფარმაცევტული დისტრიბუტორი SIA ჯგუფისა და მეგა ფარმის სააფთიაქო ქსელის მთავარი აქციონერი. მან კარიერა მამის, სემიონ ვინოკუროვის კავშირების წყალობით გაიკეთა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში ფარმაცევტულ ბიზნესში იყო. ასევე ძალიან გამოადგა სიმამრის, სერგეი ლავროვის მხარდაჭერა. ლავროვის სიძეს აქვს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა.
მართალია, ოჯახისთვის სანქციების დაწესებამდე წყვილი რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ კატერინას შვილებს ისრაელის მოქალაქეობა აქვთ, ქალს კი ამერიკის, ამიტომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ რუსეთი.